შესარჩევ ტურში ვოკალისტებმა ფართო რეპერტუარი აჩვენეს. სცენიდან გაიჟღერა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების მიერ მშობლიურ ენებზე შესრულებულმა სიმღერებმა (მაგალითად, Dle Yaman ანგელინა პაპიკიანის შესრულებით სომხეთიდან, ან მოლდაველი გოგონების — კრისტინა კოვალენკოს Hora din Moldova და ანა ერხანის Иоанэ, Иоанэ).
ხოლო როზა ვალგირგინამ სოფელ რირკაიპიიდან მაყურებელი ჩუკოტკური ყელისმიერი მღერით, ეროვნული კოლორიტით მოხიბლა.
თითქოს ვარსკვლავურ ჟიურის აღარაფერი გააკვირვებდა, მაგრამ ეს კრისტინა აშმარინამ მოახერხა. სტას პიეხამ თავი ვერ შეიკავა და კრისტინას გამოსვლის შემდეგ უმალვე… ერთობლივი სიმღერის ჩაწერა შესთავაზა! განა ეს არტისტისთვის საუკეთესო აღიარება არ არის?
Ты супер! — საერთაშორისო ვოკალური კონკურსია, მაგრამ ბევრმა მონაწილემ თავი არა მხოლოდ ვოკალური, არამედ ვირტუოზი მუსიკოსის კუთხით წარმოაჩინა. მაგალითად, ვლადიმირ კლიმოვსკი გამოდის ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ „ხატანთან“ ერთად, რომლის არსენალშია ბას-გიტარა, დასარტყამის დანადგარი და სინთეზატორი!
ვარსკვლავური სტუმრები
ცნობილმა რუსმა პროდიუსერმა, წარმოშობით ყაზახმა ბარი ალიბასოვმა მოსკოვში საკუთარ ბინაში პროექტის ყაზახ მონაწილეებს — რომან კორნეევსა და ვლად ლოსკუტოვს უმასპინძლა. პროდიუსერის სახლში ყაზახ ბავშვებს ასევე დახვდნენ ჯგუფ На-На-ს წევრები ვიაჩესლავ ჟერებკინი და ვლადიმირ პოლიტოვი. ვლადმა და რომანმა ბარისგან და На-На-სგან მნიშვნელოვანი რჩევები მიიღეს. ვიაჩესლავ ჟერებკინის თქმით, მას მოეწონა, რომ ბავშვებს ყველაფერი აინტერესებთ და სურთ, არტისტები გახდნენ.
17 წლის ფარვანა ალჯანოვის მხარდასაჭერად მივიდა რუსეთში აზერბაიჯანის ელჩი, მომღერალი და კომპოზიტორი ფოლად ბულბულ-ოღლი. კონკურსანტს მღელვარებისთვის ბევრი საბაბი ჰქონდა. ფარვანამ მშობლიურ ენაზე რთული ლირიკული კომპოზიცია შეასრულა, ის რუსულად ხომ თითქმის ვერ ლაპარაკობს. ელჩმა კი თანამემამულეს მხარიც დაუჭირა და ენობრივი ბარიერის გადალახვაშიც დაეხმარა, როდესაც ჟიურის სიტყვებს უთარგმნიდა.
კომპოზიტორი და პოპულარული მომღერალი ემინ აგალაროვი —ის მონაწილეს, ხოშგედემ მეხტიევს პირდაპირ სცენაზე უჭერდა მხარს. მოგვიანებით, არტისტმა კონკურსანტს პირად მიმართვაში ასევე დაუჭირა მხარი, რომელიც „Sputnik აზერბაიჯანისთვის“ ჩაიწერა.
16 წლის ბელარუსი ანასტასია კრავჩენკოს მხარდასაჭერად მისი თანამემამულე, შოუმენი ვადიმ გალიგინი მივიდა. გოგონა სცენაზე გასვლის წინ ძალზე ნერვიულობდა, რადგან წელიწადზე მეტია, არ უმღერია. ეს იძულებითი შესვენება ბებიის, ერთადერთი მშობლიური ადამიანის გარდაცვალებამ გამოიწვია. გალიგინმა ნასტიას ყვავილების თაიგული აჩუქა და თავისი საოცარი მანერით კონკურსანტის გაღიმება შეძლო.
ანგელინა პაპიკიანს სომხეთიდან, რომელმაც რუსული ენა ცუდად იცის, ჟიურის წევრებთან ურთიერთობა გაუჭირდა. მის დასახმარებლად ცნობილი იუმორისტი, შოუ Comedy Club-ის პროდიუსერი გარიკ მარტიროსიანი გაემართა და ის ანგელინასთვის პერსონალური თარჯიმანი გახდა.
ფლეშმობი
ერთ-ერთმა ნომერმა საყოველთაო რუსულ ფლეშმობსაც დაუდო სათავე! საუბარია 12 წლის დანილ ხომიაკოვის (როსტოვის ოლქიდან) გამოსვლაზე. ფრანგული ჰიტის Tu es foutu-ს პირველივე ბგერებიდან დანილმა მთელი დარბაზის ყურადღება მიიპყრო: დარბაზი მასთან ერთად არამარტო მღეროდა, არამედ მის ცეკვასაც იმეორებდა. თავი ვერ შეიკავეს ჟიურის წევრებმაც — ელკა, მარგარიტა სუხანკინა, ვიქტორ დრობიში და სტას პიეხა სცენაზე ავიდნენ, რათა მასთან ერთად ეცეკვათ მისი საფირმო „ხომიაკოვ-სტაილ დენსი“. მოცეკვავეთა სტიქიურად შეკრებილ ჯგუფს პროექტის სერიოზული წამყვანი ვადიმ ტაკმენიოვიც კი შეუერთდა.
დანილის კვალდაკვალ მისი ცეკვის მოძრაობების გამეორება მთელ ქვეყანაში დაიწყეს. ბანაკ „არტეკში“ „ხომიაკოვ-სტაილის“ თემაზე საკუთარი ცეკვები დადგეს. ცეცხლოვანმა მოძრაობებმა დაიპყრო საცეკვაო წრეებისა და ტანვარჯიშის სექციები, თეატრალური სტუდიები, ოფისის თანამშრომლები და სერიოზული ჟურნალისტებიც კი. ფლეშმობს, რა თქმა, აქტიურად დაუჭირეს მხარი სკოლის მოსწავლეებმაც. სამწუხაროდ, შესარჩევი ეტაპი დანილმა ვერ გადალახა.
საქართველო ფლეშმობს პროექტ „Ты супер! "-ის ფარგლებში შეუერთდა.
ჟიური პროექტის შესახებ
ელკა: „ჩვენი გადასაღები მოედანი ძალის გამოვლინების ნამდვილი ადგილი გახდა. აქ განცდების ისეთი კონცენტრაცია, ადრენალინია, რომ ყოველ ჯერზე, სცენაზე გასვლისას, აბსოლუტურად განსაკუთრებული და არცთუ უბრალო გრძნობები გაქვს.
კონკურსანტებს შორის ვერავის გამოვარჩევ. რომ გამოჩნდეს კიდეც ასეთი, ამას არ გავაკეთებ. ეს არასწორია! ყველა ისინი მშვენიერი ბავშვია, თითოეული — ჩვენი სიამაყის საგანი. თითოეული ჩვენგანი ამ ბავშვებით ძალიან, ძალიან ამაყობს“.
მარგარიტა სუხანკინა: „ჩემთვის, როგორც პროფესიონალი მსახიობისთვის, სცენაზე გასვლა მხოლოდ სიხარულთან ასოცირდება. წარმოდგენაც არ შემიძლია, რას განიცდიან მონაწილეები მაყურებლის წინაშე გამოსვლისას. ეს რთულია, ამისთვის უნდა გქონდეს დიდი ნებისყოფა, უნდა შეგეძლოს გონების მოკრება.
ამ ბავშვებისგან ბევრს ვსწავლობ. ვნახეთ მათი ბიოგრაფიები, განცდები, რომელსაც არავის ვუსურვებ. ჩვენ ვსწავლობთ მათ გულწრფელობას. ისინი ხომ ამ სცენაზე ანგელოზები არიან, წმინდა, უმანკო ბავშვები, რომელთა მხრებზე უზარმაზარი ცხოვრებაა“.
ვიქტორ დრობიში: ჟიურის სავარძელში როცა ვზივარ, ყოველთვის ვცდილობ წარმოვიდგინო, რას განიცდიან ჩვენი მონაწილეები. დიდი გამბედაობა და სიმტკიცე უნდა გქონდეს, ამ სცენაზე რომ გამოხვიდე და იმღერო. გამომსვლელთა შორის ისეთებიც იყვნენ, რომელთა შეფასება არ მინდოდა, მსურდა მხოლოდ მესმინა და სიამოვნება მიმეღო. ეს კი, როგორც ცნობილია, საუკეთესო შექებაა.
საერთოდ მიმაჩნია, რომ ყველაფერი, რაც ამ პროექტში ხდება, თუნდაც მისი დატოვება — დადებითი მოვლენაა და ალბათ, სწორედ ამაშია მისი მთავარი მიმზიდველობა და ძალა“.
სტას პიეხა: „ამ სცენაზე ბავშვებთან გასვლისას ყოველთვის ამაღლებულ განწყობას, პროექტის მნიშვნელობას ვგრძნობ. სიმართლე ვთქვა, რაღაცნაირად მაშინებდა კიდეც ეს.
როდესაც სოლო-კონცერტი მაქვს და სცენაზე გავდივარ, ზუსტად ვიცი, რომ თითოეულმა იყიდა ბილეთი და სწორედ მე მელოდება, იცის ჩემი სიმღერები… აქ კი ყველაფერი სხვაგვარადაა: წარმომიდგენია ბავშვების გრძნობები, რომლებიც ხედავენ ჟიურის წევრების სახეებს… სიმღერა ხომ მხოლოდ ემოციური სფეროა და როდესაც ვმღერით, საკუთარ გრძნობებს, ტემპერამენტს, განწყობას გადმოვცემთ. როდესაც მაფასებენ, მოდუნება და გრძნობებში გადაშვება უკვე ძნელია. ეს ემოციები მახსოვს, როდესაც კონკურსებში ვმონაწილეობდი. ეს გრძნობები, მოგონებები ჩემს გასვლას Ты супер!-ის სცენაზე განსაკუთრებულს ხდის“.