თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სტოკჰოლმში მომხდარი ტერაქტის გამო შვედი ხალხისა და მთავრობის მიმართ ღრმა მწუხარება გამოთქვა.
პარასკევს, სტოკჰოლმის ცენტრში, სატვირთო ავტომანქანა ხალხის მასაში შეიჭრა. შვედეთის პოლიციის მონაცემებით, სამი ადამიანი დაიღუპა, რვა დაშავდა.
„შეძრწუნებული ვარ სტოკჰოლმში მომხდარი შემზარავი ტერორისტული თავდასხმის გამო, რომელსაც მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მტკიცედ ვგმობთ ტერორიზმს და თანადგომას ვუცხადებთ შვედ ხალხსა და მთავრობას“, — ნათქვამია მარგველაშვილის განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შვედეთში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„მთელი გულით განვიცდი დღეს სტოკჰოლმში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო. ის ტრაგიკული მოვლენები, რომლებიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განვითარდა, კიდევ ერთხელ ნათლად გვანახებს, რომ ტერორიზმს საზღვრები არ აქვს და მისი შეჩერება მხოლოდ საერთო ძალისხმევის მობილიზებით და კოორდინირებული თანამშრომლობითაა შესაძლებელი. ეს არის ის გამოწვევა, რომელიც თანაბარ საფრთხეს უქმნის ყველა ქვეყნის უსაფრთხოებას — მიუხედავად მისი მდებარეობისა, განვითარებისა და ცხოვრების დონისა“, — ნათქვამია განცხადებაში.
სტოკჰოლმის ცენტრში ხალხის მასაში სატვირთო ავტომანქანის შეჭრას შვედეთის პრემიერ-მინისტრმა სტეფან ლევენმა ტერაქტი უწოდა.
მომხდარის თვითმხილველმა განაცხადა, რომ ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეებს დიდი სიჩქარით დაეჯახა. სატვირთო მხოლოდ მაშინ გაჩერდა, როდესაც ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტს შეეჯახა.