თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელი სოფელ ზედა ეწერში სევერიანე ბერულავა და მოქალაქე ბადრი შ. დააკავეს, აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბერულავამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში მდებარე ყოფილი ამბულატორიის შენობის აუქციონზე გატანაში და გამარჯვებაში დახმარების სანაცვლოდ, ბადრი შ-ს შუამავლობით, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა 15 000 ლარი.
მოთხოვნილი თანხის ნაწილი — 5000 ლარი მათ მოქალაქეს წინასწარ გამოართვეს, რა დროსაც ისინი ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს. გადაცემული თანხა 5000 ლარი ამოღებულია ნივთმტკიცებად.
გამოძიება ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სასამართლომ დაკავებულ პირებს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.