თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი გიორგი მელაშვილი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.
სუს-ის მონაცემებით, მელაშვილი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას დაჰპირდა, რომ იგი სამუშაოების დასრულების შემდეგ უზრუნველყოფდა ობიექტის ჩაბარებას, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 2000 ლარი.
ჩინოვნიკი ქრთამის აღების მომენტში დააკავეს. ფული ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.
სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით (ქრთამის აღება) მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
საქმეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო იძიებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.