თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. რუსული ავიაკომპანია NordStar-ი ზაფხულის მოახლოებასთან ერთად მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვის მიმართულებით ჩარტერული რეისების განხორციელებას დაიწყებს, ნათქვამია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.
ჩარტერული რეისები 1 მაისიდან ოქტომბრის ბოლომდე კვირაში სამჯერ შესრულდება – ორშაბათობით, სამშაბათობით და პარასკეობით. ფრენები Boeing B737-800 ტიპის თვითმფრინავით შესრულდება.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კომპანიას ჩარტერული რეისების შესრულებისთვის ნებართვა უკვე მისცა.
ამჟამად მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვის მიმართულებით რეისს კვირაში ერთხელ, შაბათობით კომპანია S7 Airlines-ი ასრულებს.
ამჟამად საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლას ოთხი ავიაკომპანია ახორციელებს: რუსეთის მხრიდან S7 Airlines-ი, "აეროფლოტი" და "ურალის ავიახაზები", ხოლო საქართველოს მხრიდან — Airzena–Georgian Airways. ეს ავიაკომპანიები ერთად კვირაში 37 რეისს ასრულებენ.