თბილისი, 22 მარტი — Sputnik. ქართული ავიაკომპანია Airzena — Georgian Airways — "აირზენა — საქართველოს ავიახაზები" — მაისიდან ლონდონისა და პრაღის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისების განხორციელებას დაიწყებს, აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს Facebook-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ შესაბამისი ნებართვა ავიაკომპანია "აირზენასთვის" სამშაბათს გასცა.
"აირზენა" რეისებს თბილისი-ლონდონი-თბილისი და თბილისი-პრაღა-თბილისი კვირაში ორჯერ — ორშაბათობითა და შაბათობით განახორციელებს. ავიამიმოსვლა პრაღასთან 15 მაისს დაიწყება, ხოლო ლონდონთან — 22 მაისს.
28 მარტიდან ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს აამოქმედებს, რომელიც შენგენის ზონის ქვეყნებში 180-იდან 90 დღის განმავლობაში უვიზოდ ყოფნას ითვალისწინებს.
"აირზენა" ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან ასევე განაახლებს ფრენებს კიევისა და ხარკოვის მიმართულებით.
კერძოდ, რეისები თბილისი-კიევი-თბილისი 2 აპრილიდან ყოველდღიურად შესრულდება, ხოლო თბილისი-ხარკოვი-თბილისი — 12 აპრილიდან სეზონის ბოლომდე ოთხშაბათობითა და შაბათობით.
ავიაკომპანია "აირზენა" 1993 წელს შეიქმნა. 1999 წელს ის საქართველოს ეროვნული გადამზიდავი გახდა.
2004 წელს ავიაკომპანიას Georgian Airways — "საქართველოს ავიახაზები" ეწოდა, თუმცა დასახელება "აირზენა" მოკლე საფირმო ნიშნის სახით დღემდე ფართოდ გამოიყენება.