თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. საქართველოსა და მთელ მსოფლიოს მრავალი განსაცდელი მოევლინა, ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ხარების დღესასწაულისზე ქადაგებისას და მრევლი დალოცა.
მართლმადიდებლური სამყარო 7 აპრილს წმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ხარება ერთ–ერთია 12 ძირითად მართლმადიდებლურ დღესასწაულთა შორის, რომელსაც ქრისტიანები ქრისტეს შობამდე ცხრა თვით ადრე აღნიშნავენ.
„დღეს, ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ წყალობა და სიხარული არ მოაკლდეს საქართველოს და მთელ მსოფლიოს. წყალობა და სიხარული აუცილებელია ჩვენთვის, რადგან მრავალი განსაცდელი მოევლინა საქართველოს და მთელს მსოფლიოს. უნდა ითქვას, რომ მთელი მსოფლიო განსაცდელშია“, — ბრძანა ილია მოერემ.
პატრიარქის თქმით, ყოველი მორწმუნე ადამიანი გრძნობს, რომ მასთან ნამდვილად არის ღმერთი. ეს რომ არ იყოს, ადამიანი ვერ გაუძლებდა მოვლენილ განსაცდელებს. სწორედ უფლის სიახლოვე ეხმარება ადამიანს ყველა სიძნელისა და განსაცდელის დაძლევაში.
„დღეს ჩვენ ვზეიმობთ დიდ დღესასწაულს — ხარებობას. ხარება ყოფლადწმინდისა ღვთისმშობლისა არის უდიდესი ზეიმი. როგორც ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, იმდენად დიდია ეს დღესასწაული, რომ ამ დღეს ჩიტი ბუდესაც კი არ იკეთებს. სიხარული, სიყვარული ჩაქსოვილია ამ უძველეს დღესასწაულში“, — აღნიშნა პატრიარქმა.
„როცა ებრაელები ერთმანეთს ხვდებოდნენ, ისინი ასე ესალმებოდნენ — „გიხაროდეს“. მთავარანგელოზი გაბრიელი რომ გამოეცხადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს — „გიხაროდეს, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთან არს“ — ასე მიმართა“, — ბრძანა ილია მეორემ.
სიონის ტაძარში პატრიარქმა ასევე დალოცა ბავშვები, რომლებსაც ეროვნული სამოსი ემოსათ.