თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. მართლმადიდებლური სამყარო დღეს ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. სახარების მიხედვით, გაბრიელ მთავარანგელოზმა ამ დღეს ახარა ქალწულ მარიამს, რომ ის შობდა მესიას – იესო ქრისტეს.
7 აპრილს, ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სადღესასწაულო წირვას აღავლენს სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში. სიონში საღმრთო ლიტურგია 10:00 საათზე დაიწყება.
ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა-ლოცვა საქართველოს ყველა ტაძარში შესრულდება.
ხარება ერთ–ერთია 12 ძირითად მართლმადიდებლურ დღესასწაულთა შორის.
დღესასწაულთან დაკავშირებით, დიდმარხვის ეს დღე მორწმუნეებისთვის თევზით ხსნილია.
დიდმარხვა წელს 27 თებერვალს დაიწყო და 16 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.