თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. "მაქსიმები" აფორიზმების კრებულია, რომელიც მწერლის ცხოვრებისეული გამოცდილების შედეგსა და ყოფითი ფილოსოფიის ერთგვარ კოდექსს წარმოადგენს.
• ჩვენი სათნოება უმეტესწილად სხვა არა არის რა, თუ არა შენიღბული მანკიერება
• ის, რაც სათნოება გვგონია, ხშირად მხოლოდ და მხოლოდ ნარევია სხვადასხვა ქმედებისა და ანგარებისა, რომელთა შერჩევა აგრერიგად ეხერხება ბედისწერას და ცბიერებას; ამიტომაც როცა ქალები უმანკონი არიან, ხოლო მამაკაცები მამაცნი, ეს როდი ნიშნავს იმას, რომ მათ უმანკოება და გაბედულება სჩვევიათ.
• მოწყალება, სათნოებად რომ მიიჩნევენ, ხანდახან პატივმოყვარეობითაა აღძრული, ზოგჯერ სიზარმაცით, ხშირად შიშით და თითქმის ყოველთვის სამივეთი ერთად.
• ყველას გვყოფნის ძალა, გავუძლოთ სხვის უბედურებას.
• ბრძენთა სიდინჯე სხვა არა არის რა, თუ არა უნარი, გულში ჩაიმარხონ მღელვარება.
• ფილოსოფია იოლად ამარცხებს წარსულისა და მომავლის მწუხარებას. აწმყოს მწუხარებით კი მარცხდება.
• დიდი სათნოებით უნდა იყოს დაჯილდოებული კაცი, რომ ბედის წყალობას უფრო მეტი თავშეკავებით შეხვდეს, ვიდრე ბედის სიმუხთლეს.
• მზესა და სიკვდილს თვალს ვერ გაუსწორებ.
• ადამიანი არასოდეს არც ისე ბედნიერია და არც ისე უბედური, როგორც წარმოუდგენია.
• კაცის ბედნიერება თუ უბედურება ისევეა მის ხასიათზე დამოკიდებული, როგორც ბედზე.
• ძნელია სიყვარულის განსაზღვრა. შეიძლება ითქვას, რომ სულისთვის იგი ბატონობისკენ სწრაფვაა, გონებისთვის — თანაგრძნობა, სხეულისთვის — იდუმალი და კრძალული სურვილი, მრავალი იწილო-ბიწილოს შემდეგ დაეუფლოს იმას, ვინც უყვარს.
• გვიყვარს მხოლოდ ის, რაც გვჭირდება. მეგობრებს მარტოოდენ საკუთარი სიამოვნებისა და მოთხოვნილების კარნახით ვეწირებით და ამგვარი თავგანწირვა მაინც ნამდვილი და უებრო მეგობრობის ერთადერთი საფუძველია.
• ადამიანები საზოგადოებაში დიდხანს ვერ დაჰყოფდნენ, ერთმანეთს რომ არ ატყუებდნენ.