გიორგი კეპულაძე: მოქალაქეებმა არ მიიღეს გადაწყვეტილება სესხის გალარების თაობაზე

© photo: Sputnik / Stringerლარი
ლარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნული ბანკის მონაცემებით, გალარების პროგრამის ფარგლებში დოლარში აღებული სესხების მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 25 პროცენტი დაკონვერტირდა.

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. გალარების პროგრამას ქვეყნის ეკონომიკაზე განსაკუთრებული გავლენა არ მოუხდენია, მიაჩნია არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარეს გიორგი კეპულაძეს.

„ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ გალარების აქციას განსაკუთრებული ეკონომიკური ეფექტი ვერ ექნებოდა, თუმცა ბევრს ჰქონდა ასეთი მოლოდინი", —აღნიშნა გიორგი კეპულაძემ „Sputnik–საქართველოსთან" საუბრისას.

ეროვნული ბანკის მარტის თვის მონაცემებით, გალარების ერთჯერადი პროგრამით დაახლოებით 80 მლნ აშშ დოლარამდე (78 659 017 აშშ დოლარი) საერთო თანხის 5 617 საბანკო სესხი გალარდა.

გიორგი კეპულაძის თქმით, მთლიანობაში არსებობდა მოლოდინი, რომ უფრო მეტი ადამიანი გადაიტანდა ლარში სესხს, თუმცა ამას წინ უძღოდა ნეგატიური კამპანია და, შესაბამისად, ადამიანებმა არ მიიღეს გადაწყვეტილება სესხის გალარებასთან დაკავშირებით.

„წარმატებული იყო ეს პროცესი მათთვის, ვინც სესხის ლარში გადატანა გადაწყვიტა, რადგან მათი სამომავლო სავალუტო რისკი იქნება დაზღვეული. თუ ადამიანს შემოსავალიც და სესხიც ლარში აქვს, ის გაცილებით უფრო დაცულია სავალუტო რისკისგან, ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც მას უცხოურ ვალუტაში აქვს სესხი", — აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.

ვალუტა - Sputnik საქართველო
საქართველოში იპოთეკური სესხების გალარების პროგრამა დაიწყო

გალარების პროგრამის მთავარი მიზანი მომხმარებლისთვის აშშ დოლარით დენომინირებული სესხის მომსახურების ტვირთის შემსუბუქება იყო, რომლის ზრდაც აშშ დოლარის გამყარებამ განაპირობა. ლარით დენომინირებული სესხი უზრუნველყოფს სესხის მომსახურების ხარჯების სტაბილურობასა და პროგნოზირებადობას.

პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობამ ეროვნული ბანკის მხარდაჭერით განახორციელა, 17 იანვარს დაიწყო. ორი თვის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც პროგრამა შეეხოთ, შესაძლებლობა ჰქონდათ ნებისმიერი კომერციული ბანკისთვის მიემართათ და შეღავათიანი პირობებით (0,2 ლარით ნაკლებად მიმდინარე კურსთან შედარებით) გაელარებინათ უცხოური ვალუტით დენომინირებული საბანკო სესხი. პროგრამის ფარგლებში მსესხებელი გათავისუფლებული იყო დამატებითი ხარჯებისგან, მათ შორის, წინასწარ დაფარვის საკომისიოსა და ქონების რეგისტრაციის მოსაკრებლისგან. პროგრამის შედეგად დაკონვერტირდა გალარებას დაქვემდებარებული სესხების მთლიანი რაოდენობის 25 პროცენტი.

ეროვნული ბანკის ცნობით, სესხების გალარება კვალავაც შესაძლებელია, მაგრამ უკვე სახელმწიფო სუბსიდიის გარეშე. გალარების შემთხვევაში გაუქმებული იქნება სესხის წინასწარ გადახდის 2-პროცენტიანი საკომისიო.

 

ცირა პატარაია

ყველა ახალი ამბავი
0