თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. საქართველოში უცხოურ ვალუტაში აღებული იპოთეკური სესხების ლარში კონვერტაციის პროგრამა დაიწყო. კომერციული ბანკები ვალდებული არიან პროგრამაში შემავალ ყველა პირს წინასწარ გაუგზავნონ შეტყობინება იპოთეკური სესხის ეროვნულ ვალუტაში გადატანის შესახებ.
პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. ლარიზაციის კურსი ოფიციალურ გაცვლით კურსთან შედარებით 0,2 ლარით დაბალი იქნება.
სუბსიდირების პროგრამა შეეხება მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ფიზიკური უძრავი ქონებით სრულად ან ნაწილობრივ უზრუნველყოფილ აშშ დოლარის მიმდინარე სესხებს (40 ათას აშშ დოლარამდე), რომელთა წარმოშობა მოხდა 2015 წლის 1 იანვრამდე.
კონვერტაცია მოხდება 2017 წლის 1 იანვრისთვის ნარჩენი ღირებულების თუ ის 2015 წლის 1 იანვრისთვის ძირითად თანხას არ აღემატებოდა.
ამასთან განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლება არ მოახდენს იმ პირების იპოთეკური კრედიტების სუბსიდირებას, რომელთა წლიური შემოსავალი 100 ათას ლარს აჭარბებს ან ვისი სესხების ძირითადი თანხების ჯამური დავალიანება 2016 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით აღემატება 100 ათას აშშ დოლარს.
17 იანვრისთვის ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,7084 ₾/$1-ია.