თბილისში მრავალდონიანი ავტოსადგომები აშენდება

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиავტოპარკინგი თბილისში
ავტოპარკინგი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტომობილების მფლობელთა ცხოვრების გამარტივების მიზნით თბილისში 10 მრავალდონიანი ავტოსადგომი გაჩნდება.

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. თბილისის მერიამ თბილისის მასშტაბით 10 ადგილი შეარჩია, სადაც მრავალდონიანი ავტოსადგომების აშენება იგეგმება, იუწყება თბილისის მერიის პრეს-სამსახური.

ადგილები შეირჩა კვლევის საფუძველზე, რომელიც ჩაატარა საერთაშორისო კონსალტინგურმა კომპანიამ PWC (PricewaterhouseCoopers). კვლევის ფარგლებში კომპანიამ შეისწავლა ბაზარი და განსაზღვრა ტექნიკური პარამეტრები.

მრავალდონიანი ავტოსადგომების აშენება იგეგმება რკინიგზის სადგურის, მეტრო „მარჯანიშვილის“, ფილარმონიის, პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიებზე, მეტრო „ისანთან“, „დინამოს“ სტადიონთან, ქალაქ თბილისის მერიასთან, გულუას მოედანთან, მეტრო „ვარკეთილთან“ და გეგეშიძის ბაღთან.

პარკირების ნიშანი თბილისში - Sputnik საქართველო
პარკირება თბილისში: როგორი იქნება „სითი პარკის“ ბედი

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ მშენებლობის დაწყებიდან დაახლოებით ერთ წელიწადში უნდა აშენდეს და დაიწყოს პარკინგებმა ფუნქციონირება. კვლევის საფუძველზე გადაწყდა, რომ ძირითადი ნაწილი მრავალსართულიანი მიწისქვეშა პარკინგები იქნება, ერთი მათგანი იქნება მიწისზედა მრავალსართულიანი პარკინგი", — განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

სამშენებლო ადგილებად ისეთი ტერიტორიები განისაზღვრა, სადაც არ იყო სარეკრეაციო ზონა. მრავალდონიანი ავტოსადგომები აშენდება ქალაქში არსებული მოთხოვნებისა და მოძრაობის ინტენსივობის გათვალისწინებით.

კვლევის თანახმად, ყოველდღიურად დედაქალაქში დაახლოებით 550000 ავტომობილი მოძრაობს, და ეს რიცხვი დინამიურად იზრდება.

მრავალდონიანი ავტოსადგომების მშენებლობისთვის თბილისის მერია კომპანიებს კონკურსის წესით შეარჩევს.

ყველა ახალი ამბავი
0