ქართული სუფრის უპირველესი ღირსება ის უნიკალური ქართული კერძებია, რაც თაობიდან თაობას გადაეცემა. მწერალმა და ჟურნალისტმა მერაბ ბერაძემ წიგნზე "ქართული სამზარეულო" მუშაობას დიდი ხანი მოანდომა. რაც მთავარია, მას მსოფლიოს 15 ერის წარმომადგენელი საკუთარ ენაზე გაეცნობა.
– ბატონო მერაბ, კითხვას, თუ რატომ გაგიჩნდათ ასეთი წიგნის შედგენის სურვილი, არ დაგისვამთ…
— ამგვარი სურვილი, ბუნებრივია, იქიდან გამომდინარეა, რომ ქართული სამზარეულო უცხოეთში ძალიან პოპულარულია და უცხოელების უმრავლესობა საქართველოში სწორედ იმის გამო ბრუნდება, რომ ჩვენი არაჩვეულებრივი კერძები კიდევ ერთხელ იგემოს. მინდა, რომ ეს წიგნი უცხოელ ტურისტებს შევთავაზო, მათ, ვისაც უნდა ქართული სამზარეულოს შესახებ ცოდნა გაიღრმავოს და ეს კერძები თავის სამშობლოშიც დაამზადოს.
– გასაგებია, ამგვარი წიგნის სხვადასხვა ენაზე გამოცემასაც ასეთივე ახსნა აქვს. რამდენ ენაზეა ის დაბეჭდილი?
— წიგნი "ქართული სამზარეულო" მსოფლიოს 15 ენაზეა გამოცემული. ეს ენებია: ქართული, რუსული, გერმანული, ინგლისური, ფრანგული, იტალიური, ბერძნული, ესპანური, პოლონური, ჩინური, იაპონური, აზერბაიჯანული, ებრაული, უკრაინული და თურქული. გეკითხებით: ჩინურად გაგიგიათ ქართული კერძების წიგნი? ეს პირველია.
– თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში ბევრი ჩინელია, გასაგებია თქვენი სურვილი, რომ ასეთი წიგნი ჩინურადაც გამოსულიყო.
— კი, ბატონო, ასეა. საერთოდ, იშვიათია უცხოელი სტუმარი, რომელმაც ქართული კერძის დაგემოვნების შემდეგ მისი დამზადების რეცეპტი არ მოითხოვოს. თავად მე თეორიის დონეზე ვიცი ქართული სამზარეულო, იმიტომ რომ მყავს გადასარევი მეუღლე, რომელიც ამას ყველაფერს პრაქტიკულად ახორციელებს და მას სრულიად ვენდობი. იმასაც გეტყვით, რომ წიგნის ერთი სერია თურქულ-ქართულადაცაა გამოცემული, ეს იმას ნიშნავს, რომ თურქეთში, სადაც 6 მილიონი ლაზური წარმომავლობის ქართველი ცხოვრობს, ეს წიგნი ძალიან ღირებული იქნება. იქაურ ქართველებს ავიწყდებათ ქართული ენა და წიგნში ქართული კერძები ქართულ-თურქულადაა მოცემული. წარმოიდგინეთ, ბაბუა წაიკითხავს მას ქართულად და მერე თავის ბადიშს, შვილიშვილს თურქულად გადაუთარგმნის.
– ქართული სუფრას არაერთხელ შეასხეს ხოტბა, და, მაინც, მისი ყველაზე დიდი ღირსება რა არის?
— აქ ყველაზე ღირებული ისაა, რომ ჩვენს სუფრას არაჩვეულებრივი არომატი და სურნელი აქვს. ქართული სუფრა ნამდვილი ზეიმია და ნახატივითაა. თავიდან გაშლილ სუფრას რომ გადახედავ, არც გინდა, რომ ეს საოცარი ჰარმონია დაარღვიო.
– საქართველოში ჩამოსულ ტურისტს აქედან, როგორც წესი, ქართული სუვენირები მიაქვს, როგორ ფიქრობთ, სამომავლოდ თქვენი წიგნიც მათ რიცხვში აღმოჩნდება?
— დიახ, მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი სტუმრისთვის ეს არაჩვეულებრივი საჩუქარია, იმიტომ რომ კარგია დოქი, ჭინჭილა, ყანწი, ნაბადი, ხანჯალი, თუმცა ამ უკანასკნელზე მაინც გაურკვევლობაა და ვერ გაუგიათ, რაში სჭირდებათ. როცა ამ წიგნზე დავიწყე მუშაობა, ვიფიქრე, რომ ასეთი წიგნიც ნებისმიერ შემთხვევაში სასურველი საჩუქარი იქნებოდა.
– ბატონო მერაბ, გამოხმაურება თუ მოჰყვა თქვენს წიგნს?
— თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ვინც კი ნახა და შეიძინა ის, ყველას საოცარი ემოცია დაეუფლა. როცა ესპანელებმა შეიძინეს ეს წიგნი და ქართული კერძები დააგემოვნეს, შემომითვალეს – ჩვენ გვეგონა, რომ ჩვენი სამზარეულო იყო ყველაზე კარგი, მაგრამ არანაკლებ გემრიელი ქართული სამზარეულო ყოფილაო. იგივე მითხრეს იტალიელებმა, ოღონდ სხვადასხვა კონტექსტში. არაჩვეულებრივი განწყობა აქვთ რუსებსაც, რომლებიც ჩვენთან ქართული კერძების გამო ჩამოდიან.
– ამ წიგნში კიდევ საინტერესოა ისიც, რომ კერძები და ღვინო ერთად არის წარმოდგენილი…
— დიახ, სხვათა შორის, პირველი შემთხვევაა, როცა კულინარიულ წიგნში კერძებთან ერთად ღვინოცაა შეტანილი. ამ სახის ნებისმიერ წიგნში ან მარტო კულინარიაა, ან მარტო ღვინო, მაგრამ ჩემ წიგნში სიმბიოზია: კერძები და ღვინო ერთად, ანუ ნაჩვენებია, რომელ კერძს რომელი ღვინო უხდება. მაგალითად, მოცემულია რომელი ღვინო მიდის მწვადზე და ა.შ.
– კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: აქ მოცემულია ამა თუ იმ პროდუქტში ვიტამინებისა და კალორიების შემცველობა…
— დიახ, წიგნში აღნიშნულია იმ ვიტამინებისა და სასარგებლო ელემენტების შემცველობა, რაც ყველა ადამიანს სჭირდება. ევროპელები ამას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. მათთვის აქვს მნიშვნელობა რამდენი ცხიმი, კალორია, მინერალები, ვიტამინები ან შაქარია ამა თუ იმ პროდუქტში, მაგალითად, ნიგოზში ან ნიორში. ეს კი დიასახლისისთვის კარგია, რადგან მან იცის, როგორ შეინარჩუნოს წონა გარკვეული დაბალანსებით და კალორიების რაოდენობას როგორ არ გადააჭარბოს.
– დღეს მსოფლიოში პოპულარულია კულინარიული ტურები და მათი მოყვარულებისთვის წიგნში შესული რჩევა-დარიგებები ზედმეტი ნამდვილად არ იქნება…
— გეთანხმებით, ფირმები, რომლებიც საქართველოში უცხოელი სტუმრების მოწვევით არიან დაინტერესებული, ამ წიგნითაც დაინტერესდებიან და მოგზაურობას კულინარიული მიმართულებითაც მოაწყობენ. უცხოელების ნებისმიერი ხასიათის ტური კი მსოფლიოში ჩვენი გამორჩეული ტრადიციების, უნიკალური კულტურისა და უძველესი ისტორიის პოპულარიზაციის კიდევ ერთი შანსი და საშუალებაა…