კვირიკაშვილი ღვინის ექსპორტის ზრდით კმაყოფილია

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი, იოჰანეს ჰანი და დავით ბაქრაძე
გიორგი კვირიკაშვილი, იოჰანეს ჰანი და დავით ბაქრაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერმა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საჭიროა ღვინის ექსპორტში საქმიანობის მეტი კოორდინირება და აღნიშნა, რომ დაუშვებელია კონკურენცია ქართველ მწარმოებლებს შორის.

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 2017 წლის პირველ კვარტალში ღვინის ექსპორტის ზრდით კმაყოფილია. ამის შესახებ მან ხუთშაბათს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

საქართველომ 2017 წლის იანვარ-მარტის პერიოდში ექსპორტზე გაიტანა 14,2 მილიონი ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 85%-ით აღემატება. პირველ კვარტალში ღვინო ექსპორტზე გაიტანეს მსოფლიოს 38 ქვეყანაში, რომლის საერთო ღირებულება 32,2 მილიონი აშშ დოლარი იყო. ეს 2016 წლის იანვარ-მარტის მონაცემებზე 77%-ით მეტია.

"ეს, ვფიქრობთ, ძალიან კარგი მაჩვენებელია. განსაკუთრებით გვახარებს ის, რომ ბაზრებზე დივერსიფიკაცია იზრდება და ეს არის არა მხოლოდ საქართველოს სამეზობლოში არსებული ქვეყნები, არამედ ევროკავშირისა და ჩინეთის ბაზარი, რომელიც ძალიან მზარდია. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენი ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის უდიდეს მნიშვნელობაზე", — განაცხადა კვირიკაშვილმა, იუწყება მთავრობის პრეს-სამსახური.

ღვინო - Sputnik საქართველო
რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი 120%-ით გაიზარდა

პრემიერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ეს გაგრძელდეს, რადგან სოფლის მეურნეობა სწორედ ის მიმართულებაა, რომელსაც ყველაზე მეტად შეუძლია გავლენა იქონიოს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე.

გიორგი კვირიკაშვილმა სოფლის მეურნეობის მინისტრსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს ღვინის ექსპორტის საკითხში მეტი კოორდინაციის თხოვნით მიმართა.

"სამწუხაროდ, ზოგიერთ ბაზარზე ქართველი მეწარმეები ერთმანეთთან არაპროდუქტიულ კონკურენციაში არიან", — აღნიშნა კვირიკაშვილმა.

ქართული ღვინის იმპორტიორ ქვეყნებს შორის რუსეთი ლიდერობს — 2017 წლის პირველ კვარტალში რუსეთში ექსპორტირებული იყო 9 მილიონი ბოთლი ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 120%-ით მეტია.

ქართული ღვინის პოპულარობა მსოფლიოში იზრდება — აღნიშნულ პერიოდში ექსპორტი ჩინეთში გაიზარდა 383%-ით, ისრაელში — 333%-ით, კანადაში — 55%-ით, გერმანიაში — 22%-ით, უკრაინაში — 20%-ით, აშშ-ში — 7%-ით, ლატვიაში — 5%-ით და ა.შ.

ყველა ახალი ამბავი
0