თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო პირადობის ელექტრონული მოწმობების — ID ბარათების უფასო გაცემის მორიგ აქციას იწყებს, რომელიც 10-29 აპრილის პერიოდში გაგრძელდება, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე.
აქციის მიზანია ამომრჩეველთა სიის სრულყოფა.
ID ბარათი – პირადობის მაღალტექნოლოგიური მოწმობაა, რომელიც ფალსიფიკაციისგან მაქსიმალურად არის დაცული.
ID ბარათის აღებას უფასოდ შეძლებენ საქართველოს ის მოქალაქეები 18 წლის ასაკიდან, რომლებიც არ ფლობენ ახალ მოწმობებს და პირველად იღებენ, რომელთაც არ გააჩნიათ არც ერთი მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელთა რეგისტრაციის მისამართი ფიზიკურად აღარ არსებობს, მონაცემთა ბაზაში უსურათო/უხარისხო ჩანაწერის მქონე მოქალაქეები, რეგისტრაციიდან მოხსნილი საქართველოს მოქალაქეები და მისამართის გარეშე რეგისტრირებული პირები, თუ ისინი რეგისტრაციას გაივლიან იდენტიფიცირებულ მისამართზე.
პირადობის მოწმობების უფასო გაცემის აქციები იუსტიციის სამინისტრომ არაერთხელ ჩაატარა. უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოს 2 485 876 მოქალაქე პირადობის ელექტრონულ მოწმობას ფლობს, ხოლო დამატებით 376 142 მოქალაქე — საქართველოს მოქალაქის ბიომეტრულ პასპორტს, რაც სამოქალაქო რეესტრის ბაზებში 2 862 018 ზუსტი და უტყუარი მონაცემის არსებობას ნიშნავს.
პირადობის ახალი მოწმობები საქართველოში 2011 წელს გამოჩნდა. მისი საშუალებით შესაძლებელია ადამიანის დისტანციურად, ინტერნეტის მეშვეობით იდენტიფიცირება, საქართველოში იურიდიული ძალის მქონე ელექტრონულ დოკუმენტებზე ციფრული ხელმოწერის გაკეთება.
ჩვეულებრივ ID ბარათის მიღება 10–დღიან ვადაში ფოტოსურათის ღირებულების ჩათვლის გარეშე 30 ლარი ჯდება.