იოსებ ნონეშვილი – წუთისოფელს კაცად შერჩე ბოლომდე...

© photo: courtesy of National Libraryქართველი პოეტები: იოსებ ნონეშვილი, გიორგი ლეონიძე, გალაქტიონ ტაბიძე.
ქართველი პოეტები: იოსებ ნონეშვილი, გიორგი ლეონიძე, გალაქტიონ ტაბიძე. - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

თავიდანვე მოგახსენებთ, რომ არ მიყვარს ტრაბახი, მაგრამ დღეს გამონაკლისი უნდა დავუშვა და დავიტრაბახო იმით, რომ ჩემ აივანზე ვაზია ამოსული, თანაც, ადესა. მართალია, მოვლა არ ვიცი სათანადოდ და დიდ მოსავალს არ იძლევა, მაგრამ მაინც რა სასიამოვნოა — შენ საკუთარ აივანზე ხელს რომ გადაწევ და ტკბილ მტევანს ჩამოხსნი მოკრძალებით…

დღეს კი ამ ვაზიან აივანს ყურძენივით ლაზათიანი, ტკბილი და თბილი, საოცარი პიროვნება და დიდი ქართველი პოეტი ესტუმრება, რომელმაც ისეთი ლექსი მიუძღვნა ვაზს, შესანიშნავმა რევაზ ლაღიძემ იმისთანა ჰანგებით შეამკო, ხოლო შეუდარებელმა ქალბატონმა ნანიმ ისე შეასრულა, რომ… ის საქართველოს ერთგვარი ჰიმნიც კი გახდა:

დიახ, დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ საოცარ ადამიანს და შემოქმედს — ბატონ იოსებ ნონეშვილს, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1920 წლის 6 აპრილს კახეთის სოფელ კარდენახში…

საინტერესო დეტალი — ბატონმა იოსებმა არ იცოდა საკუთარი დაბადების წელი და ეს თარიღი დაზუსტდა მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ. ამ უზუსტობის გამო პოეტის „მრგვალი“ თარიღები ხშირად სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა, რაც საოცრად გულუბრყვილო და გულწრფელ იოსებ ნონეშვილს ბავშვივით უხაროდა. ერთხელ თავისი ვაჟისთვის, რომელიც, როგორც ისტორიკოსი, ამ ამბით შეწუხებული იყო, უთქვამს — შენ რა გენაღვლება, იუბილეებს მე მიხდიან შენ ხომ არაო.

არსებობს ერთი ქართული ანდაზა — „შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო“. იოსებ ნონეშვილი არ იყო განსაკუთრებულად გათამამებული სახელმწიფო ჯილდოებითა და „ჩინ-მენდლებით“, მაგრამ ის ისე უყვარდა ხალხს, რომ ამაზე მეტი ჯილდო რაღა უნდა ინატროს პოეტმა…

ქალაქში მისი ყოველი გავლა დღესაწაული იყო. მას მთელი თბილისი ესალმებოდა და ისიც სათითაოდ ყველას ეფერებოდა.

ბატონი იოსები 7 წლის განმავლობაში სწავლობდა კარდენახის სოფლის სკოლაში, რომელიც იმ შენობაში იყო განთავსებული, რომელიც მამამისმა ააშენა და სადაც დღეს პოეტის სახლ-მუზეუმია.

ალბათ ყველას გახსოვთ ქალბატონი ნუნუ დუღაშვილის სიმღერა იოსებ ნონეშვილის ლექსზე „კახეთო, ჩემო კახეთო“, რომელშიც პოეტი ეფერება იმ ადგილს, სადაც დაიბადა და ფეხი აიდგა:

აღსანიშნავია, რომ პატარა იოსებმა სკოლაში შესვლამდე არა მხოლოდ წერა-კითხვა, არამედ ქართული პოეტების უამრავი ლექსიც ზეპირად იცოდა. შვილის ნიჭის განვითარებისთვის დედამ (მამა იოსებს 3 წლისას გარდაეცვალა) თბილისში გადასვლა გადაწყვიტა. იოსები მე-9 კლასში სწავლობდა, როცა დედა დაკარგა და რადგან სახლი არ ჰქონდა, სკოლის დარაჯის ჯიხურში ცხოვრობდა. მას ამ მძიმე პერიოდში გვერდში ედგნენ მისი მასწავლებლები. ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მისაღები გამოცდების დროს, როცა სხვა აბიტურიენტებს მშობლები ელოდნენ, იოსებს მისი მასწავლებლები გულშემატკივრობდნენ.

ალბათ სწორედ ამიტომ არის ასეთი სითბოთი და სიყვარულით განმსჭვალული მისი ცნობილი ლექსი „მასწავლებელი“:

ძალიან მიყვარს ბატონი იოსების პოეზია – ის ლაღია, სუფთაა და ბავშვივით გულწრფელი,  ზუსტად ისეთი, როგორიც თავად იყო.

ახლა გადავამოწმე და ბევრი მისი ლექსი ზეპირადაც მახსოვს, სამწუხაროდ, თავიდან ბოლომდე არა (ასაკი მაინც თავისას შვრება), მაგრამ მაინც…

მაგალითად:

„დილას ავდექი

კვლავ შენზე ფიქრით,

მთის ორწოხებზე

ნისლები წვიმდა…

მიწას დაეცა

პირველი ფიფქი

შენსავით თეთრი,

შენსავით წმინდა“.

ან კიდევ:

„უცხო მთაზე მნათობნი

კიაფობენ ათობით

მზესაც ოქროს ფერი სძევს…

მაგრამ სულ სხვა რამ არის

სხივებნათამამარი

საქართველოს ცხელი მზე“.

აი, ეს „სხივებნათამამარი“ არის, რომ მკლავს…

ბატონ იოსებს პირადად ვიცნობდი, მქონდა ეს ბედნიერება და, მახსოვს, ყოველდღე ან დღეში რამდენჯერმეც რომ შეგვხვედროდა მამიკოს და მე (ასეთი რაღაცეები იმდროინდელ თბილისში მოსულა), ისე ჩამეხუტებოდა ხოლმე, თითქოს მთელი საუკუნე არ ვყავდი ნანახი და მეც ისე მიხაროდა…

ერთხელ ჩემი ბიძია ზურაბ ანჯაფარიძე დეპუტატად აირჩიეს და დეპუტატს, როგორც ცნობილია, ევალება ამომრჩევლების უფლებების დაცვა. გარკვეული დროის შემდეგ სახლში მოვიდა რაღაც „სადეპუტატო ღონისძიებიდან“ და ასე გამოაცხადა — ახლა, მე, აბა, რა დეპუტატი ვარ, ნამდვილი დეპუტატი არის იოსებ ნონეშვილიო. და მოგვიყვა, რომ ეს პოეტი კაცი მთელი დღეების განმავლობაში კაბინეტიდან კაბინეტში დადის, რომ ხალხს დაეხმაროსო, აფთიაქში წამლების საყიდლადაც კი მიჰყვებაო… ვერ გავიგე, ლექსებს, ალბათ, ღამე წერსო…

ბატონი იოსები, მართლაც ყველაფერს ასწრებდა. ბატონი გელა ჩარკვიანი იხსენებდა, რომ ის საოცრად ავანგარდული და თანამედროვე ადამიანი იყო. მეგობრობდა ბობ დილანთან, სახლში კი რაჯ კაპურის ნაჩუქარი ვარდის ხისგან გაკეთებული დანა და სათვალებიანი კობრას შხამში გამობრძმედილი ჰიპოპოტამის ტყავის მასაის ტომის ნაჩუქარი ხმალი ეკიდა.

მე კი საოცრად გულში ჩამრჩა ის ფოთოლი, რომელიც ბატონი იოსების ბინაში დღესაც ლამაზ ჩარჩოშია ჩასმული.

თურმე, „ლაღიძის წყლებთან“ ადრე ერთი ჭადარი იზრდებოდა, რომლის ქვეშ დგომა უყვარდა ბატონ ლადო ასათიანს და ამ ჭადარს „თავის ჭადრად“ მოიხსენიებდა. ერთხელაც ლადო ასათიანი და იოსებ ნონეშვილი ამ ჭადრის ქვეშ შეხვედრიან ერთმანეთს. ბატონი ლადო უკვე შეუძლოდ ბრძანდებოდა და განშორებისას გადაეხვია იოსებ ნონეშვილს — რა იცი, იქნებ ერთმანეთი ვეღარც ვნახოთო. ამ დროს ხიდან ფოთოლი ჩამოვარდნილა და ლადო ასათიანის მხარზე დაეშვა. ლადოს კი ის ფოთოლი იოსებისთვის უჩუქებია…

კაცი რომ ასეთ ფოთოლს სახლში წამოიღებს, შეინახავს და ლადო ასათიანის ფოთოლი დღემდე რომ არსებობს, ესაა ჩემთვის ძალიან ბევრის მთქმელი.

აი, ასეთი იყო ბატონი იოსები…

სიყვარულიც სხვანაირი იცოდა… თავისი არაჩვეულებრივი მეუღლე, ქალბატონი მანანა მან შემთხვევით გაიცნო, პირველივე შეხედვით შეუყვარდა და… ბოლომდე…

სწორედ მას მიუძღვნა ბატონმა იოსებმა შესანიშნავი ლექსი, ლექსი, რომელიც ნებისმიერ ქართველ კაცს ამოუტივტივდება ხოლმე გონებიდან, როდესაც გამიჯნურდება და თანაც ისე წაუკითხავს თავის რჩეულს, თითქოს თავად დაეწეროს:

ბატონი იოსების ერთ-ერთი ბოლო ლექსი იყო —

ეცადნენ და ვერ გამხადეს ბოროტი,

ეცადნენ და ვერ გამხადეს ფლიდი.

წუთისოფელს კაცად შერჩე ბოლომდე,

თურმე ესეც კაცობაა დიდი…

ბატონი იოსების თქმისა არ იყოს, „არის ასეთი ქვეყანა — მას საქართველო ჰქვია“ და სწორედ ასეთ ქვეყანაში იბადებიან ასეთი პოეტები და ადამიანები…

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და ძალიან ლამაზ დღეს!

 

 

ყველა ახალი ამბავი
0