თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძე მსოფლიოს ძლიერი სპორტსმენების ტოპ-ათეულში დაბრუნდა. ფიდეს განახლებულ რეიტინგში ქართველი მოჭადრაკე 2528 ქულით მეცხრე ადგილზეა.
იანვარსა და თებერვალი ძაგნიძე რეიტინგის პირველ ათეულს ხურავდა, მაგრამ მარტში მე-11 ადგილზე გადაინაცვლა. თუმცა, ქართველი მოჭადრაკის წარმატებულმა გამოსვლებმა და გასულ თვეში მისი მოწინააღმდეგეების წარუმატებლობებმა ძგნიძეს საშუალება მისვა ფიდეს რეიტინგში პოზიციები გაეუმჯობესებინა.
ძაგნიძესთან ერთად, პირველ ასეულში კიდევ ქართველი მოჭადრაკე აღმოჩნდა: ნინო ბაციაშვილი (15), ლელა ჯავახიშვილი (23), ბელა ხოთენაშვილი (36), ნინო ხურციძე (62), სალომე მელია (63) და მერი არაბიძე (92).
რეიტინგის სათავეში ჩინელი ხოუ იფანია. მეორე ადგილზე მისი თანამემამულე ჟუ ვენჯუნი, ხოლო მესამე ადგილზე უკრაინელი ანა მუზიჩუკია.
რაც შეეხება მამაკაცთა რეიტინგს, პირველ ასეულში მხოლოდ ერთი ქართველია — ბაადურ ჯობავა, რომელიც 35-ე ადგილზეა.
მამაკაცთა რეიტინგს სათავეში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ნორვეგიელი მაგნუს კარლსენია. მის შემდეგ კი ორი ამერიკელი მოჭადრაკე — უესლი სო და ფაბიანო კარუანა არიან განთესილი.