თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. ყირგიზეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა დაადასტურა პეტერბურგის მეტროში ტერაქტის მომწყობი თვითმკვლელი ტერორისტის ვინაობა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости უწყების პრესსამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით.
„ვადასტურებთ, რომ ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი გახლავთ წარმოშობით ყირგიზი, რუსეთის მოქალაქე, 1995 წელს დაბადებული აქბარჟონ ჯალილოვი“ — აცხადებს ყირგიზეთის უშიშროების კომიტეტის პრესსამსახური.
მანამდე ყირგიზეთის ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის პრესმდივანმა რაჰათ სულაიმანოვმა აღნიშნა, რომ უწყება აქტიურად თანამშრომლობს რუს კოლეგებთან ტერაქტის გამოძიებისა და ტერორისტის ვინაობის დადგენის კუთხით.
შეგახსენებთ: 3 მარტს პეტერბურგის მეტროპოლიტენში, მოსკოვის დროით დაახლოებით 14:30 საათზე სადგურ „სენნაია პლოშჩადსა“ და „ტეხნოლოგიჩესკი უნივერსიტეტ 2-ის“ გადასაჯდომ ხაზზე აფეთქება მოხდა. ხოლო სადგურზე „პლოშჩად ვოსტანია“ დროულად აღმოაჩინეს თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რითაც კიდევ ერთი ტერაქტი აღკვეთეს.
საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე „ტერორისტული აქტის“ მუხლით აღძრა.
ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად დაიღუპა 11 და დაშავდა 45 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები.