თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ხელმძღვანელის, ვლადიმირ პუჩკოვის განცხადებით, სანქტ-პეტერბურგის ტერაქტში დაშავებულთა და დაღუპულთა შორის უცხოეთის მოქალაქეებიც არიან, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
„როგორც დაშავებულთა, ისე დაღუპულთა შორის, არიან უცხო სახელმწიფოების მოქალაქეები“, — დაადასტურა პუჩკოვმა.
ამასთან, მას არ დაუზუსტებია, თუ რომელი სახელმწიფოების მოქალაქეებზეა საუბარი.
თუმცა მანამდე პეტერბურგის გუბერნატორმა გიორგი პოლტავჩენკომ ჟურნალისტებს აცნობა, რომ ტერაქტში დაშავებულებიდან 17 ადამიანი რუსეთის სხვა რეგიონებიდანაა, ხოლო სამნი ბელარუსიდან, ტაჯიკეთიდან და უზბეკეთიდან არიან. მათ შორის, ყაზახეთის მოქალაქე მაქსიმ არიშევი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მშობლებმა დაღუპულებში ამოიცნეს.
ვლადიმირ პუჩკოვის თქმით, ექსპერტები ამ დრომდე მუშაობენ დაშავებულებისა და დაღუპულების ამოცნობაზე.
შეგახსენებთ: 3 მარტს პეტერბურგის მეტროპოლიტენში, მოსკოვის დროით დაახლოებით 14:30 საათზე სადგურ „სენნაია პლოშჩადსა“ და „ტეხნოლოგიჩესკი უნივერსიტეტ 2-ის“ გადასაჯდომ ხაზზე აფეთქება მოხდა. ხოლო სადგურზე „პლოშჩად ვოსტანია“ დროულად აღმოაჩინეს თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რითაც კიდევ ერთი ტერაქტი აღკვეთეს.
საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე „ტერორისტული აქტის“ მუხლით აღძრა. ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად დაიღუპა 11 და დაშავდა 45 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები.