კაცი, რომელმაც იური ნიკულინი "პეპელად" აქცია....

© photo: Sputnik / Евгения Новоженина / გადასვლა მედიაბანკშივალენტინ დიკული
ვალენტინ დიკული - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს, მგონი, როგორც იქნა, ცოტა ჩადგა დაუოკებელი ქარი და ჩვენი ჭრიალა აივანიც წელში გაიმართა, ბროწეულის ხე გაიშალა და ადესამ გაჩეჩილი ნაწნავები გადაისწორა… არა და, დღეს ქარს შეეძლო არც შეწუხებულიყო, რადგანაც ისეთ სტუმარს ველით, რომელიც ქარსაც მოერევა, ქარიშხალსაც, ჩვენს აივანსაც და ჩვენც წელში გაგვმართავს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით…

ისე კი, მართალი გითხრათ, პირადად მე, უკვე დავდექი შესანიშნავ ხასიათზე, როდესაც წავიკითხე ნაწყვეტი მისი წიგნიდან — "მე არ მიყვარს სიტყვა სიბერე, რადგანაც სიბერე არ არსებობს. სამაგიეროდ, არსებობს ბედნიერი და მშვენიერი დღეები, როდესაც ადამიანი ხდება ბრძენი, გამოცდილი, სიცოცხლით სავსე და როდესაც მის სულში ანათებს მზე, რომლიც მის ახლობლებს ათბობს. ჯერ კიდევ ძველი ბერძნები თვლიდნენ, რომ 50 წელი ადამიანის ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობების აყვავების ხანაა"..

ხოდა ასე აყვავებული, თქვენთან ერთად ვხვდები ჩვენს დღევანდელ სტუმარს, მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს, საოცრად კეთილშობილ და კეთილმსურველ ადამიანს, ძალიან ნათელ კაცს — ვალენტინ დიკულს, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1948 წლის 3 აპრილს, ლიტვის ულამაზეს ქალაქ კაუნასში…

ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ დაბადებისას, მისი წონა ოდნავ აღემატებოდა 1 კილოგრამს და არავის არ ჯეროდა, რომ გადარჩებოდა… მაგრამ, ეტყობა, ვალენტინ დიკული დაბადებიდანვე მებრძოლი იყო…

ის 2 წლის იყო, მამა რომ მოუკლეს ბანდიტებმა, 3 წლის ასაკში დედა გარდაეცვალა, 5 წლის ვალენტინმა კი გამზრდელი ბებია და ბაბუა დაკარგა და ბავშვთა სახლში გააგრძელა ცხოვრება. 9 წლის ასაკში ვალენტინმა პირველად ნახა საცირკო წარმოდგენა და მიხვდა, რომ ცირკის გარეშე სიცოცხლე არ შეეძლო… მან ისე გულიანად თხოვა ცირკის დირექტორს, რომ მან უარი ვერ უთხრა და სამსახურში აიყვანა. დიდი ოლეგ პოპოვი ხუმრობდა — "თეატრისგან განსხვავებით, ცირკი საკიდით კი არა, დიდი სპილოს სადგომით იწყება, რომელიც დღეში რამდენჯერმე უნდა გაწმინდოო"…

ვალენტინ დიკული
ვალენტინ დიკული - Sputnik საქართველო
ვალენტინ დიკული

პატარა ვალენტინი სადგომებსაც წმენდდა, შენობასაც ალაგებდა და მანეჟსაც აწკრიალებდა… მაგრამ ნელ-ნელა ეუფლებოდა ჟინგლიორობას, აკრობატიკას, ეკვილიბრისტიკას, იგონებდა ფოკუსებს, განსაკუთრებით კი კარგად გამოდიოდა სიმძიმეების აწევა.

16 წლის იყო, როდესაც დაიწყო გამოსვლა თავისი მოგონილი ნომრით, რომელიც სრულდებოდა 13 მეტრის სიმაღლეზე. ერთ-ერთი წარმოდგენის დროს, რკინის კონსტრუქციამ უღალატა, დამცველი ლოდჟა არ ეკეთა და ჩამოვარდა… არავის არ ეგონა, რომ გადარჩებოდა… რადგანაც წელის არეში ხერხემალი ქონდა გადატეხილი… რამდენიმე კვირა რეანიმაციაში იწვა და ექიმებმა გამოუტანეს განაჩენი, რომ ვერ გაივლიდა. აი აქ კი დგება, ის, არც თუ ისე ხშირი მომენტი, როცა აღარ ვამბობ "რად არ მოვედი იადა…" და მიხარია და ვამაყობ, რომ ადამიანად მოვედი… წარმოიდგინეთ, ეს უპატრონო ბიჭი არ დაეცა სულიერად, დაიწყო ვარჯიში, დღეში 5-6 საათის განმავლობაში… თან კითხულობდა სამედიცინო ლიტერატურას. დასაწყისში ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწია, ექიმებს ეცოდებოდათ და თხოვდნენ, თავი დაენებებინა უაზრო წვალებისთვის, რადგანაც ვარჯიშების შემდეგ საშინელი ტკივილები ქონდა და შედეგს მაინც ვერ მიაღწევდა… ის კი დატვირთვას უმატებდა, არ ქონდა სახსრები შეეძინა სპეციალური დანადგარები და თვითონ იგონებდა კონსტრუქციებს, ცირკის მეგობრები კი უწყობდნენ საოცარ ტრენაჟორებს, რომლებიც გავა წლები და მთელ მსოფლიოში გახდება ცნობილი. ისევე, როგორც მისი უნიკალური მეთოდიკა…ზუსტად 8 თვეში, დიკული საავადმყოფოდან გამოწერეს 1 ჯგუფის ინვალიდის დასკვნით… როგორც ყვებიან, მას აცილებდა საავადმყოფოს მთელი პერსონალი, მქუხარე ტაშით და პირიქით, აქეთ ჩუქნიდნენ ყვავილებს…

ვალენტინ დიკული მის მიერ დაარსებულ სარეაბილიტაციო ცენტრში
ვალენტინ დიკული მის მიერ დაარსებულ სარეაბილიტაციო ცენტრში - Sputnik საქართველო
ვალენტინ დიკული მის მიერ დაარსებულ სარეაბილიტაციო ცენტრში

როდესაც დიკულს ეკითხებიან, როგორ მოახერხა ფეხზე ადგომა და სრული რეაბილიტაცია, მარტივად ხსნის: "საკუთარ თავს ვუთხარი, მე ამას გავაკეთებ, მე გავივლი!"… ამას ყოველთვის ახალი შეკითხვა მოყვება: "და მერე?", რაზეც დიკული მორცხვად ჩაიცინებს, როგორც იცის ხოლმე და პასუხობს: "მერე… გავაკეთე"…ამით ეს, ისედაც უკვე ლამაზი ისტორია არ სრულდება… გარდა იმისა, რომ დიკულმა გაიარა, ის დაუბრუნდა საცირკო არენას როგორც ძალოვანი ტრიუკების შემსრულებელი, თანაც, სიმძიმეებს არენაზე სხვასავთ აგრესიულად, თვალების ბრიალით, კუნთების ტრიალით და დემონსტრაციული ქოშინით კი არ ასრულებდა… "იოლად" და იუმორით წევდა შტანგებს, ქალებს, მანქანებს, ერთერთში მისი ძმაკაცი იური ნიკულინიც კი იჯდა და ნომრის შემდეგ განაცხადა —"პეპელა ვყოფილვარ და არ ვიცოდიო"…მთავარი კი ის არის, რომ დიკულმა, გამოჯანმრთელების შემდეგ, დაიწყო თავისი აღდგენითი მეთოდიკის განვითარება, თავიდან სწავლა, გამოცდების ჩაბარება და, საავადმყოფოდან გამოსვლისთანავე, ეხმარებოდა ადამიანებს, ვისაც ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებდა. დღეს, დიკულის უკვე მსოფლიოში აპრობირებული და აღიარებული მეთოდიკის საფუძველზე, მხოლოდ მოსკოვში 4 სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრია გახსნილი. ასევე პოლონეთში, ისრაელში, გერმანიასა და აშშ-ში. დიკული ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორია, "კოსმოსურ მედიცინაში განსაკუთრებული წვლილისთვის", მინიჭებული აქვს იური გაგარინის ოქროს მედალი, "მეცნიერებასა და განათლების სფეროში განსაკუთრებული წარმატებებისთვის" კი, მიხაილო ლომონოსოვის პრემია, ის აგრეთვე არის ლუდვიგ ნობელის საპატიო პრემიის ლაურეატი, რომელიც თავის დროზე გადასცეს ს.კაპიცას, ვ. ტერეშკოვას, ვ.ვასილიევს, მ.როსტროპოვიჩს, ე.რიაზანოვს, ნ. სოლჟენიცინას…

დიკული დღესაც პირადად იღებს პაციენტების მაქსიმალურ რაოდენობას, მათ შორის, აბსოლუტურად უიმედოებსაც, ვიზეც ყველამ ხელი ჩაიქნია…ძალიან ხანგრძლივი დროის განმავლობაში ამას აკეთებდა საერთოდ ანაზღაურების გარეშე და სხვათაშორის, დღეს შედის იმ ექიმთა მცირერიცხოვან არმიაში, რომლებიც დონ-კიხოტებივით დადიან ინსტანციიდან ინასტანციაში და ითხოვენ გარკვეული სახის ავადმყოფებისათვის მაინც, უფასო მედიცინის დაბრუნებას.ვალენტინ დიკულს 69 წელი უსრულდება… გასულ წელს, არენაზე გამოსვლა უნდოდა და ტრავმა მიიღო, მაგრამ თავის გადაწყვეტილებაზე უარი არ უთქვამს, დღესაც 205 კილოგრამიანი შტანგით ვარჯიშობს… ყავს მშვენიერი მეუღლე და პატარა ვაჟი….მის ახლობლებს მასზე საუბარი არ უყვართ და თხოვნაზე, მოყვნენ მასზე რამე, უბრალოდ ამბობენ: " დიკულია, რა!"

რა ბედნიერებაა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ლამაზად და ფრთხილად დადიან და სუნთქავენ… მათი დამსახურებაა, რომ ეს ჩვენი გადაღლილი დედამიწა ასე ლამაზად და წელგამართულად ტრიალებს და ბრუნავს!

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და იმედიან დღეს!

 

ყველა ახალი ამბავი
0