თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. თავი შეიკავეთ რეალიზაციის მიზნით კოლხური ბზის მოჭრისგან და არ შეიძინოთ ბზის ტოტები დიდი რაოდენობით — ამ მოწოდებით მიმართავს ბზობის დღესასწაულის წინ მოსახლეობას საქართველოს საპატრიარქო და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.
ტრადიციის მიხედვით, ბზობის დღეს საქართველოს ეკლესიებს ბზის ტოტებით რთავენ, ამასთან, მოსახლეობა დიდი რაოდენობით ბზას ჭრის.
დღეს კოლხურ ბზას გადაშენება ემუქრება პარაზიტ Cydalima perspectalis–ს, ანუ ბზის პეპლისა და ასევე რამდენიმე წლის წინ გავრცელებული დაავადების გავრცელების გამო, რომელიც მცენარეს ახმობს. კოლხეთის ბზა წითელ წიგნშია შეტანილი.
„ჩვენი ქვეყნისთვის ბზას, როგორც ენდემურ სახეობას, დიდი ეკოლოგიური დატვირთვა აქვს და ერთ-ერთი დომინანტი და ძვირფასი მცენარეა კოლხეთის ტყეებში, ის ასევე მნიშვნელოვანია რელიგიური თვალსაზრისითაც“, — განაცხადეს გარემოს დავისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში.
სამინისტრო ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ამკაცრებს კონტროლს ბზის მოჭრაზე და სამართალდამრღვევზე გავრცელდება კანონით დადგენილი სანქციები.
სამინისტროს ცნობით, საჯარიმო სანქციების ოდენობა 200-დან 500 ლარამდეა, ხოლო, თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს — აღიძრება სისხლის სამართლის საქმე.