თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. სანკტ-პეტერბურგის ქართულ დიასპორას არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, დაშავდნენ თუ არა ქართველები მეტროში მომხდარი აფეთქების შედეგად, განაცხადა ქართული ახალგაზრდული გაერთიანების „თერგდალეულების“ ხელმძღვანელმა არჩილ ოძელმა.
სანკტ-პეტერბურგში მეტროსადგურებს „ტეხნოლოგიჩესკი ინსტიტუტსა“ და „სენნაია პლოშჩადს“ შორის აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა 9 ადამიანი და 40-მდე დაშავდა.
„ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, დაშავდნენ თუ არა ქართველები აფეთქების შედეგად. მასმედიაში სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება: ზოგი ამბობს, რომ იყო ერთი აფეთქება, ზოგი ორ აფეთქებაზე ლაპარაკობს. ჩვენ გვაქვს ადგილობრივ დიასპორასთან კომუნიკაცია. ქალაქში მღელვარება იგრძნობა — გზები გადაკეტილია, ყველგან საცობებია, მეტრო დაკეტილია. ტრანსპორტი უფასოდ მუშაობს. ზოგიერთი ტაქსიც უფასოდ მუშაობს. თუმცა პანიკა არ არის“, — განუცხადა ოძელმა „Sputnik საქართველოს“.
მისი ინფორმაციით, სანკტ-პეტერბურგში დაახლოებით 40000 ქართველი ცხოვრობს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.
სანკტ-პეტერბურგის მეტროსადგურში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.