თვითმფრინავებიდან - თოჯინებმადე, ანუ ინტერნეტში პოპულარული ჯამბაზი გერონტი

© FB/Eleonora Nachkebiaნორა ნაჭყებია
ნორა ნაჭყებია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნორა ნაჭყებია პროფესიით ინჟინერ-კონსტრუქტორია და "გპის" თვითმფრინავის მშენებლობის ფაკულტეტი დაამთავრა. წლების წინ ალბათ ვერც წარმოიდგენდა, რომ თვითმფრინავების მშენებლობაში მიღებული გამოცდილება ერთ დღესაც... თოჯინების გაკეთებაში დაეხმარებოდა. ამას ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციაც დაემატა და მისმა პერსონაჟებმაც არსებობა დაიწყო.

- ქალბატონო ნორა, როგორც ვიცი, პროფესიით ინჟინერ-კონსტრუქტორი ხართ…

— დიახ, "გპის" თვითმფრინავის მშენებლობის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, სპეციალობით კონსტრუქტორ-ინჟინერი ვარ. კარგი ხანი ჟურნალისტად და მთარგმნელადაც ვმუშაობდი. სამი წელი 31-ე საავიაციო ქარხანაში ვიყავი. იმის მერე თვითმფრინავებთან კავშირი აღარ მაქვს, მაგრამ იქ მიღებული ცოდნა შემომრჩა. ქიმია, მექანიკა, ხაზვა —ეს ყველაფერი თოჯინების გაკეთების დროს გამომადგა. მაგალითად ფეხსაცმელს რომ ვაკეთებდი, მასში რაღაც შევურიე, რომ რეაქცია მომხდარიყო. გარდა ამისა უნდა იცოდე —კერვა, ჭრა… ხატვა ბავშვობიდან პიონერთა სასახლის სტუდიაში ვისწავლე. იქ ხატვას ცნობილი მოქანდაკე, სანდრო ხუცურაული მასწავლიდა. ვიცი, რომ ეს ადამიანი ახლაც კარგადაა და ძალიან მიხარია. ზუსტად ვიცი, რომ მისი ყველაზე საყვარელი მოსწავლე ვიყავი, ძალიან ვმეგობრობდით, მაშინ პატარა ვიყავი და ის კი დაახლოებით ორმოცი წლის იქნებოდა.

© FB/ Eleonora Nachkebiaნორა ნაჭყებიას ნახატი
ნორა ნაჭყებიას ნახატი - Sputnik საქართველო
ნორა ნაჭყებიას ნახატი

-თიხის თოჯინების გაკეთება როდის დაიწყეთ?

— ასეთი თოჯინები პირველად ინტერნეტში ვნახე და დავინტერესდი. ვიფიქრე, ამის გაკეთებას მეც შევძლებ მეთქი. საქართველოში მაშინ ასე ადვილად არ იშოვნებოდა თეთრი თიხა, რომლისგანაც თოჯინები მზადდება იტალიური მასალაა და მთლად თიხაც არ არის. ესაა თეთრი ფერის პოლიმერული მასალა, რომელიც ჰაერზე შრება. მასალა, რომელსაც დასი ჰქვია, მუშაობაში საკმაოდ რთულია. მოგვიანებით გავიგე, რომ უფრო კარგი მასალებიც არსებობს და მათი შეძენა საქართველოშიც შეიძლება.

-ქალბატონო ნორა, რა ზომისაა თქვენი თოჯინები?

— ერთია 52 სანტიმეტრი, ერთია ორმოცამდე და პატარა კლოუნი, რომელსაც "გერონტი" დავარქვი და ინტერნეტში ძალიან ცნობილი პიროვნებაა- 30 სანტიმეტრია.

© FB/ Eleonora Nachkebiaნორა ნაჭყებიას მიერ გაკეთებული ჯამბაზი, სახელად გერონტი
ნორა ნაჭყებიას მიერ გაკეთებული ჯამბაზი, სახელად გერონტი - Sputnik საქართველო
ნორა ნაჭყებიას მიერ გაკეთებული ჯამბაზი, სახელად გერონტი

- გერონტი როგორ გახდა პოპულარული?

— გერონტი პოპულარული მეგობრებისა და ახლობლების წყალობით გახდა. როცა დაინახეს, ძალიან მოეწონათ, არ გამაყიდინეს და დავიტოვე. არანაირი პროტოტიპი არ ჰყავს, უბრალოდ მართლა კაი ტიპი გამოვიდა და ეს სახელიც მოუხდა. მხიარული ბიჭია, ერთ ხელში- ყავის ფინჯანი უკავია, მეორეში- სიგარეტი. მოკლედ საყვარელი ჯამბაზია, მსუქანა და ღიპიანი.

-ქალბატონო ნორა, ბუნებრივი კითხვა გამიჩნდა- აკადემიაში რატომ არ ჩააბარეთ?

— ჩემი პასუხი ცოტა არა ბუნებრივად მოგეჩვენებათ: იმიტომ არ ჩავაბარე, რომ ზარმაცი ვიყავი… აკადემიაში ძალიან ბევრი გიფსით ხატვა და ფუნდამენტალური მომზადება მჭირდებოდა. ერთი თვე ვემზადებოდი ბატონ სანდრო ხუცურაულთან და ძალიან დამეზარა…იმიტომ, რომ ბევრი შრომაა საჭირო, ნამდვილი აკადემიური მხატვარი თუ ხარ, ეს დიდ შრომას მოითხოვს. საერთოდ კი ვხატავ ზეთში და პასტელში.

© FB/ Eleonora Nachkebiaნორა ნაჭყებიას ნამუშევარი
ნორა ნაჭყებიას ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ნორა ნაჭყებიას ნამუშევარი

- და თვითმფრინავებს შრომა არ უნდოდა?

— მომეჩვენა, რომ იქ უფრო ადვილი იყო, რადგან ხაზვაა საჭირო, რაც გაცილებით ადვილია. როცა ჩავაბარე, ყოველთვის კარგად ვხატავდი და ეს არ გამჭირვებია. რას ვიზამთ, ასე მოხდა.

-უახლოეს ხანში გამოფენას თუ გეგმავთ?

— არის ასეთი არაჩვეულებრივი მეთოჯინე, იულია საროკინა, რომელიც 12 ივნისს ატარებს გამოფენას, რომლისთვისაც ახალი თოჯინები უნდა გავაკეთოთ. ჩაფიქრებული კონკრეტულად არაფერი მაქვს, მაგრამ მინდა, რომ აუცილებლად გავაკეთო.

© FB/ Eleonora Nachkebiaნორა ნაჭყებიას ნამუშევარი
ნორა ნაჭყებიას ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ნორა ნაჭყებიას ნამუშევარი

- გერონტის მეწყვილეს ხომ არ აპირებთ?

— არა, გერონტის არ უნდა მეწყვილე, ის ხომ მარტოხელა მგელია… ჯერ არ ვიცი, ეს ქალი იქნება თუ კაცი, მაგრამ ახალ თოჯინას რომ გავაკეთებ, ამაში დარწმუნებული ვარ…

 

 

ყველა ახალი ამბავი
0