თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გაავრცელა განცხადება, რომელიც აუტისტი ადამიანების პრობლემებს ეხება და მოუწოდა ხელისუფლებას, დახმარება აღმოუჩინონ მათ.
2017 წელს ამ დღის თემაა „ავტონომია და უფლებაუნარიანობა“.
„გაეროს გენერალური მდივნის წლევანდელ მიმართვაში ნათქვამია, რომ საზოგადოების ყველა წევრმა უნდა შეიტანოს საკუთარი წვლილი აუტიზმის მქონე პირთა მიმართ არსებული დამოკიდებულებების შეცვლისკენ… ამ პირების მიერ საკუთარი უფლებების რეალიზებისთვის მნიშვნელოვანია სათანადო პირობების შექმნა და მხარდაჭერა, რაც შესაძლებლობას მისცემთ აქტიურად იქნან ჩართული საზოგადოების განვითარების პროცესში“, — აღნიშნავს განცხადებაში სახალხო დამცველი.
უჩა ნანუაშვილი ხაზს უსვამს, რომ საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში აუტისტი პირების უფლებების დაცვის კუთხით ხელშესახები ცვლილებები არ განხორციელებულა.
„განსაკუთრებით მწვავეა ბავშვთა პრობლემები. გამოწვევაა მათზე მორგებული ჯანმრთელობის დაცვისა და აბილიტაცია/რეაბილიტაციის სერვისების, ინკლუზიური განათლების მიღების შესაძლებლობა. სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მათთვის საჭირო პროგრამებისა და მომსახურების შექმნას, ინკლუზიურ საგანმანათლებლო პროცესში ჯეროვან ჩართვას“, — წერია ომბუდსმენის განცხადებაში.
საქართველოს სახალხო დამცველი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს მოუწოდებს სახელმწიფოს, გადადგას ქმედითი ნაბიჯები აუტისტური სპექტრის მქონე პირებისთვის აუცილებელი პროგრამების შექმნისა და სერვისების განვითარების მიზნით.