თბილისი, 2 აპრილი-sputnik. კახეთის რეგიონის სოფელ საქობოს საბავშვო ბაღში სამი დღით შეწყდა სასწავლო პროცესი, დაფიქსირდა ვირუსული ინფექციის 11 შემთხვევა, განუცხადა Sputnik Грузия-ს სიღნაღის საბავშვო ბაღთა გაერთიანების ხელმძღვანელმა მაია შაიშმელაშვილმა.
სოფელ საქობოს საბავშვო ბაღის აღსაზრდელები, საავადმყოფოში ენტეროვირუსის გამო მოხვდნენ. ერთი და იმავე სიმპტომებით 11 ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ აღენიშნებოდათ მაღალი სიცხე და გულისრევა.
შაბათ საღამოს ყველა გამოწერეს, ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„ორშაბათიდან, ამ საბავშვო ბაღში, სასწავლო პროცესი სამი დღით შეწყდება. ბაღის დაკეტვა ეპიდემიის გავრცელების საშიშროების გამო გადავწყვიტეთ, რადგან ვირუსული დაავადების 11 შემთხვევა დაფიქსირდა. საკვებით მოწამლვა გამორიცხულია, ეს ჩვეულებრივი ენტეროვირუსია“, — განაცხადა შაიშმელაშვილმა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა ბაღში ვირუსის გავრცელების მიზეზი გამოიკვლია.
ენტეროვირუსული ინფექცია- მწვავე ინფექციური დაავადებების მრავლობით ჯგუფს განეკუთვნება. შესაძლებელია ჰაერ-წვეთოვანი გზით მისი გავრცელება და ჰიგიენური წესების დაუცველობით გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე.