ეკატერინე ლალიაშვილი: ქალაქში ქვეითთა კუნძულები უნდა გაჩნდეს

გამოწერა
ქვეითთა კუნძულების გაჩენით ქუჩები შევიწროვდება და მძღოლებს პრაქტიკულად არ მიეცემათ მაღალი სიჩქარის განვითარების შესაძლებლობა,აღნიშნა ეკატერინე ლალიაშვილმა Sputnik-საქართველოსთან საუბრისას.

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. ქალაქის ქუჩებში მაღალი სიჩქარის განვითარება მძღოლებისთვის შეუძლებელი უნდა გახდეს, მიაჩნია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ლალიაშვილს.

„ქალაქში ქვეითთა კუნძულები უნდა გაჩნდეს, რათა გარემო ადამიანებზე იყოს მორგებული და არა ავტომობილებზე. ქუჩები როდესაც შევიწროვდება, მძღოლებს პრაქტიკულად არ მიეცემათ  მაღალი სიჩქარის განვითარების შესაძლებლობა“, —აღნიშნა ეკატერინე ლალიაშვილმა  Sputnik-საქართველოსთან იანვარ-თებერვლში საქართველოში  რეგისტრირებულ საგზაო შემთხვევებზე საუბრისას.

2017 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოში 905 რეგისტრირებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ორი თვის განმავლობაში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 84 და დაშავდა 1 277 ადამიანი. დაღუპულთა შორის 19 ქვეითია. დაშავებული ქვეითების რაოდენობა 265 —ს შეადგენს. ორ თვეში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებისას 5 არასრულწლოვანი დაიღუპა, 136 კი დაშავდა.

თბილისი - Sputnik საქართველო
რატომ იმატა საგზაო შემთხვევებმა?

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარის აზრით, საგზაო შემთხვევების პრევენციისთვის საჭიროა მუშაობა სხვადასხვა მიმართულებით. ერთი მიმართულება  ის კანონმდებლობაა, რომელიც გულისხმობს საჯარიმო ქულათა სისტემის შემოღებას,  ქუჩების ვიდეოკამერებით  აღჭურვასა და უკონტაქტო პატრულირების მექანიზმის დანერგვა.

„ამ ახალი კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, რაც 1 ივნისიდან უნდა მოხდეს, თუ  მისი აღსრულება ეფექტიანად განხორციელდება, ჩვენი ვარაუდით, ავტოავარიების რაოდენობა  დაახლოებით 20-დან 30 %-მდე უნდა შემცირდეს. ეს კი ძალიან ნათლად დაეტყობა ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკურ მაჩვენებელს უკვე  წლის მეორე ნახევარში“, —განაცხადა ეკატერინე ლალიაშვილმა.

მისი თქმით, მართალია ამ ახალი კანონის ეფექტის გაზომვა უკვე წლის ბოლის გახდება შესაძლებელი, მაგრამ როგორიც უნდა იყოს ის,  მაინც არ იქნება საკმარისი გრძელვადიან პერსპექტივაში.

„პარალელურად საჭიროა  სხვა ტიპის მიმართულებების განვითარებაც, მაგალითად იმავე ინფრასტრუქტურის, რათა  მძღოლებისთვის მაღალი სიჩქარის განვითარება შეუძლებელი იყოს“, — აღნიშნა ეკატერინე ლალიაშვილმა.

მისი თქმით, დღეს ავტოავარიების გამომწვევი რამდენიმე მიზეზი არსებობს. კერძოდ: მანევრირების წესების დარღვევა, სიჩქარის გადაჭარბება, შემხვედრ ზოლში გადასვლა, ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა.

ყველა ახალი ამბავი
0