თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. სიცილის დღესთან დაკავშირებით, თბილისის ზოოპარკმა გაავრცელა ინფორმაცია აქლემის გიგანტური თავის ქალას აღმოჩენის შესახებ, რაც ზოგიერთმა დაიჯერა კიდეც.
ინფორმაციის თანახმად, უნიკალური აქლემის ქალა თბილისის წყალსატევის მიდამოებში, თბილისის ზღვასთან იპოვეს ახალი ზოოპარკის მშენებლობისას. პირველადი გამოკვლევით ქალა გიგანტურ აქლემს ეკუთვნის, რომელსაც თავის დროზე მარკო პოლომ სამკუზიანი უწოდა.
"ამ ცხოველის ნეშტის აღმოჩენა დიამეტრალურად ცვლის არსებულ მეცნიერულ მოსაზრებას, თითქოს ჩვენი ქვეყნის საზღვრები აბრეშუმის გზის ერთ განშტოებას წარმოადგენდა. თუ დადგინდა, რომ აღმოჩენილი ფრაგმენტები ეკუთვნის Camelus Giganteus-ს, დამტკიცდება ჰიპოთეზა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, აბრეშუმის გზის არა ერთი, არამედ ორი განშტოება გადიოდა"-ნათქვამია ზოოპარკის ადმინისტრაციის FACEBOOK-გვერდზე.
თბილისის ზოოპარკის პრესსამსახური ამით არ დაკმაყოფილდა. მეტი დამაჯერებლობისთვის, აღინიშნა, რომ უკვე დაუკავშირდნენ მონგოლეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, ზოოლოგიის ინსტიტუტის დირექტორს, ქამელიდების შემსწავლელი ცენტრის წამყვან სპეციალისტ ბადავჯან ლხაგვასურენს, რომელმაც განაცხადა, რომ გიგანტურ აქლემებს განსაკუთრებით მძიმე ტვირთის გადატანა შეეძლოთ. ამავე დროს მეცნიერს გამოუთქვამს მზადყოფნა უფასოდ ჩაატაროს დეტალური ანალიზი-Ancient DNAAnali.
"ჩვენ მოუთმენლად ველით კვლევის შედეგებს, რადგან ამ აღმოჩენამ შესაძლოა ძირფესვიანად შეცვალოს ხალხთა დიდი განსახლების დღემდე არსებული წარმოდგენა"- ამ სიტყვებით დაასრულა ზოოპარკის დირექციამ თავის საპირველაპრილო ხუმრობა.
Facebook-ზე თბილისის ზოოპარკის ხელმომწერები სიხარულით უზიარებდნენ ერთმანეთს სიახლეს, რომელმაც 700-ზე მეტი მოწონება და ათობით კომენტარი დაიმსახურა. ხუმრობა აშკარად ბევრს მოეწონა. ბევრმა შარშანდელი ხუმრობებიც გაიხსენა ზოოპარკში ცალკბილა ვეფხვისა და მარტორქას დაბადების შესახებ.