თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. ქართველი მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე საერთაშორისო სასიმღერო კონკურსზე „ევროვიზია 2017“, რომლის პირველი ნახევარფინალი კიევში 9 მაისს გაიმართება, მეორე ნომრით წარსდგება.
მონაწილე ქვეყნების გამოსვლების თანმიმდევრობა კონკურსის პროდიუსერებმა დაადგინეს, ნათქვამია „ევროვიზიის“ ვებგვერდზე.
კონკურსს შვედეთის წარმომადგენელი გახსნის.
პირველ ნახევარფინალში ასევე გამოვლენ: ავსტრალიის, ალბანეთის, ბელგიის, ჩერნოგორიის, ფინეთის, აზერბაიჯანის, პორტუგალიის, საბერძნეთის, პოლონეთის, მოლდოვის, ისლანდიის, ჩეხეთის, კვიპროსის, სომხეთის, სლოვენიისა და ლატვიის წარმომადგენლები.
„ევროვიზიის“ მეორე ნახევარფინალი 11 მაისს გაიმართება და ამჯერად სცენაზე წარსდგებიან: სერბეთის, ავსტრიის, რუსეთის, მაკედონიის, მალტის, რუმინეთის, ნიდერლანდების, უნგრეთის, დანიის, ირლანდიის, სან-მარინოს, ხორვატიის, ნორვეგიის, შვეიცარიის, ბელარუსის, ბულგარეთის, ლიტვის, ესტონეთისა და ისრაელის წარმომადგენლები.
საბოლოოდ სასიმღერო კონკურსის ფინალში თითოეული ნახევარფინალის ათ-ათი წარმომადგენელი გავა და გამარჯვებისთვის, „დიდი ხუთეულის“ ჩათვლით (საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი) 26 მონაწილე იბრძოლებს.
თაკო გაჩეჩილაძე „ევროვიზია 2017-ზე“ საკუთარ სიმღერას Keep the Faith შეასრულებს, რომლის მუსიკაც ანრი ჯოხაძეს ეკუთვნის. მომღერალი ამ კომპოზიციით მსოფლიოს შეახსენებს, რომ ადამიანს, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც უკეთესობისა უნდა ეჯეროს.