თბილისი, 31 მარტი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, რომელიც უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, ქვეყნის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შეხვდა, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
იზორია კიევში 30 მარტს ორდღიანი ვიზიტით გაემგზავრა. ის უკვე შეხვდა თავის უკრაინელ კოლეგას სტეპან პოლტორაკს, რომელიც ყოველწლიურ „უსაფრთხოების და თავდაცვის კონფერენციაზე" მოიწვია, და ევროპული ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერს ივანა კლიმპუშ-ცინცაძეს.
„გვქონდა საინტერესო შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან, რომელმაც კიდევ ერთხელ ცალსახად დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, გამოთქვა სურვილი, რომ სხვადასხვა მიმართულებებით მოხდეს ჩვენი თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია, მათ შორის თავდაცვის სფეროში", — განაცხადა იზორიამ უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ პეტრო ივან ჩერნიახოვსკის სახელობის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოშვების ცერემონიალს დაესწრო.
ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და მისმა უკრაინელმა კოლეგამ ხელი ერთობლივ განცხადებას მოაწერეს, რომელიც სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.
ლევან იზორიას კიევში ახლავს მისი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია და მისი პირველი მოადგილე ნიკოლოზ ჯანჯღავა.