თბილისი, 31 მარტი — Sputnik. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 136-ე ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას.
ღონისძიება 1-5 აპრილს ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში გაიმართება, იუწყება საქართველოს პარლამენტის ოფიციალური ვებ-გვერდი.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტთაშორისო კავშირის წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებთან მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს და ასამბლეის ფარგლებში ორგანიზებულ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.
გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი ნიკოლოზ ნათენაძე პარლამენტების გენერალური მდივნების ასოციაციის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
საპარლამენტთაშორისო კავშირი საერთაშორისო საპარლამენტო დიალოგის ცენტრია, რომელიც პარლამენტებს შორის კონტაქტების დამყარებასა და კოორდინაციას, გამოცდილების გაზიარებას, საერთო გამოწვევებზე მსჯელობას და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას უწყობს ხელს.
საპარლამენტთაშორისო კავშირის შემადგენლობაშია 171 წევრი და 11 ასოცირებული ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რუსეთი, ყაზახეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, მოლდოვა და სხვა.
საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე შეკრებილი წევრი ქვეყნების დელეგაციები საერთაშორისო გამოწვევებს განიხილავენ და შესაბამის რეკომენდაციებს მოამზადებენ.