თბილისი, 31 მარტი — Sputnik. ქართველმა ძიუდოისტებმა ლუხუმ ჩხვიმიანმა (-60 კგ) და ლაშა გიუნაშვილმა (-66 კგ) თბილისის გრან-პრის პირველ დღეს ოქროს მედლები მოიპოვეს.
ფინალურ ორთაბრძოლაში ჩხვიმიანი უფრო მეტად გამოცდილ თანამემამულეს — ევროპის ჩემპიონსა და მსოფლიოს პრიზიორ ამირან პაპინაშვილს შეხვდა, რომელიც ტურნირზე პირველ ნომრად იყო განთესილი.
მიუხედავად პაპინაშვილის ძალისხმევისა, მან ვერ შეძლო ჩხვიმიანისთვის წინააღმდეგობის გაწევა და საბოლოოდ ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდნენ რუსი ისლამ იასუევი და ბრაზილიელი ფელიპე პელიმი.
რაც შეეხება გიუნაშვილს, ის ფინალში მონღოლ ტუმურხულეგ დავაადაროვს შეერკინა და გრან-პრის ოქრო მოიპოვა. საქმე იმაშია, რომ ქულების რაოდენობით მონღოლი ძიუდოისტი უსწრებდა გიუნაშვილს, თუმცა, აქტივში ორი გაფრთხილება ჰქონდა. მესამე შეჭიდება გიუნაშვილისთვის წარმატების მომტანი გამოდგა.
ტურნირის მეორე დღეს, მედლები ვაჟთა შორის 73 კგ-მდე და 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში გათამაშდება, ქალთა შორის კი 63 კგ-მდე და 70 კგ წონით კატეგორიაში.