თბილისი, 31 მარტი — Sputnik. საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში დაგეგმილი რეფორმით მხოლოდ უნდა ვიამაყოთ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ მომზადებული შესწორებების მიზანი ქვეყნის პენიტენციალური სისტემის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაა.
"მინდა მადლობა გადავუხადო კახი კახიშვილს იმ საკანონმდებლო პაკეტისთვის, რომელიც მან პარლამენტს წარუდგინა და რომელიც ძირეულ ცვლილებებს შეიტანს მისი სამინისტროს საქმიანობაში ამ მიმართულებით. მინდა, რომ მოსახლეობამ იცოდეს ამ დაგეგმილი ცვლილებების შესახებ. ეს რეფორმები — ერთ-ერთი ის მიმართულებაა, რითაც ჩვენმა მთავრობამ ნამდვილად უნდა იამაყოს. ეს ნამდვილად წარმოადგენს თანამედროვე საქართველოს სახეს. ეს არის იმის ნათელი მაგალითი, თუ როგორ ექცევიან ქვეყანაში თავისუფლებააღკვეთილ ადამიანებს. ეს არის უდიდესი ცვლილება, რომელიც 2012 წლის არჩევნებმა მოიტანა", — განაცხადა კვირიკაშვილმა.
საქართველოს პარლამენტი პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვას შეუდგა, რომელიც "პატიმრობის კოდექსსა" და თანმდევ კანონებში — 20 საკანონმდებლო აქტში ცვლილებებს ითვალისწინებს. ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ იქმნება სრულიად ახალი ტიპის — გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; გარდა ამისა, დაინერგება შინაპატიმრობა, რომელიც ფასიანი იქნება.