თბილისი, 17 სექტემბერი— Sputnik. საქართველოს მთავრობის სხდომაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა "პატიმრობის კოდექსსა" და თანმდევ კანონებში მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარადგინა.
ინიცირებულია სულ 19 კანონპროექტი, რომელიც სხვადასხვა საკითხს ეხება და სასჯელაღსრულების სფეროში არაერთი სიახლის დანერგვას ითვალისწინებს.
ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, იქმნება სრულიად ახალი ტიპის — გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; პირველად საქართველოში, მსჯავრდებულს უმაღლესი განათლების მიღების უფლება მიეცემა.
გარდა ამისა, სასჯელის ახალი სახე — შინაპატიმრობა სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვისაც დაინერგება; მცირდება დისციპლინური პატიმრობის ვადები; იცვლება პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის ინიცირების წესი; იხვეწება ადგილობრივი საბჭოს მიერ მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმი; იცვლება უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულთა გათავისუფლების მექანიზმი; პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ ქალ მსჯავრდებულს, რომელსაც დაწესებულებაში ჰყავს მცირეწლოვანი ბავშვი, მიეცემა უფლება უქმე დღეებში დატოვოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება 3 წლის ასაკის მიღწევის გამო ბავშვის გაყვანის შემდეგ და სხვა.
როგორც მთავრობის სხდომაზე მინისტრმა კახიშვილმა განაცხადა, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიზანია სასჯელის აღსრულების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება.