გრიბაუსკაიტემ საქართველოს ინტერესების წარდგენის პირობა დადო

© FB / Георгий Маргвелашвилиგიორგი მარგველაშვილი და დალია გრიბაუსკაიტე
გიორგი მარგველაშვილი და დალია გრიბაუსკაიტე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქვეყნის მოსახლეობა იმაში დაარწმუნა, რომ ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე საერთაშორისო არენაზე საქართველოს ინტერესებს წარადგენს.

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე საქართველოს ინტერესებს ნატოს სამიტზე წარადგენს, რომელიც ბრიუსელში 25 მაისს გაიმართება, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლიტვაში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის შედეგების შეჯამებისას.

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მომავალი სამიტი საქართველოს მონაწილეობის გარეშე ჩატარდება, რადგან მასში მხოლოდ ნატოს წევრი-ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას.

 „ჩვენ მომავალ გეგმებზე ვისაუბრეთ. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია — ძალიან მნიშვნელოვანი მიმდინარე პროცესია და დღეს ჩვენ შევთანხმდით ქალბატონ დალიასთან, რომ იმ ფორმატებში და ფორუმებზე, სადაც საქართველო არ ან ვერ იქნება წარმოდგენილი, პრეზიდენტი (გრიბაუსკაიტე — რედ.) პირადად ჩემი სახელით ილაპარაკებს და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით ჩემს პოზიციას დააფიქსირებს“, — განაცხადა მარგველაშვილმა. 

გიორგი მრგველაშვილი და დალია გრიბაუსკაიტე - Sputnik საქართველო
საქართველოს და ლიტვის პრეზიდენტები პირისპირ შეხვდნენ

მისი თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან საქართველოს ხმა უნდა ისმოდეს ყველა საერთაშორისო არენაზე, მათ შორის, ნატოს მომავალ სამიტზე.

 „თქვენ იცით, რომ სამიტი ვიწრო ფორმატში ჩატარდება. აუცილებელია, რომ ამ სამიტზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების თემა, საქართველოს უსაფრთხოებისა და ნატოში ინტეგრაციის  საკითხები წამოიჭრეს. არ ვფიქრობ, რომ საქართველოს პოზიცია ამ სამიტზე ვინმემ უფრო თამამად და გაბედულად წარადგინოს, ვიდრე ამას ლიტვის პრეზიდენტი გააკეთებს“, — განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი, დელეგაციასთან ერთად, ლიტვაში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით 30 მარტს გაემგზავრა. მარგველაშვილმა შეხვედრები გამართა ლიტველ კოლეგასთან დალია გრიბაუსკატესთან, პრემიერ საულიუს სკვერნიალისთან და პარლამენტის თავმჯდომარე ვიქტორას პრანცკეტისთან.

შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს  საქართველო — ლიტვას შორის ორმხრივ ფორმატში თანამშრომლობის განვითარებისა და მრავალმხრივი ურთიერთობის გაღრმავების შესახებ და ასევე, შავი და ბალტიის ზღვის რეგიონების ქვეყნებს შორის ურთიერთობის განვითარების მნიშვნელობაზე.  

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის მდივანი საგარეო საკითხებში თენგიზ ფხალაძე, ლიტვაში საქართველოს ელჩი ხათუნა სალუქვაძე, ასევე ოპოზიციონერი დეპუტატები და რიგითი მოქალაქეები — აფხაზი და ოსი ეროვნების საქართველოს მოქალაქეები და ლიახვის ხეობიდან დევნილი პირი. 

საქართველოს პრეზიდენტმა ლიტვის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ ლიტველთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ქართული დელეგაციის წევრებმა ვილნიუსის ისტორიული ნაწილი დაათვალიერეს. 

საქართველოს პრეზიდენტი უკვე სამშობლოში დაბრუნდა.

საქართველომ და ლიტვამ დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 16 სექტემბერს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, კულტურის, განათლების, სოფლის მეურნეობის და ჯანდაცვის სფეროში.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0