თბილისი, 31 მარტი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოსთვის" ხმის მისაცემად გამოკითხულთა 26%-ია მზად, ხოლო ყოფილი მმართველი ძალისთვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის" – 15%.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სოციალური კვლევის შედეგები ტელეკომპანია Rustavi2-მა გაასაჯაროვა. კვლევის სრული ვერსია ორშაბათს, 3 აპრილს გამოქვეყნდება.
IRI-მ კვლევები თებერვლის ბოლოდან მარტის დასაწყისამდე ჩაატარა. რესპონდენტებმა უპასუხეს კითხვას – „მომავალ კვირას არჩევნები რომ ჩატარდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?"
პარტია „ევროპულ საქართველოს", რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" წლის დასაწყისში გამოეყო, მხარს უჭერს რესპონდენტების 7%.
შემდეგ მოდის „ლეიბორისტული პარტია" — 6%-ით, „პატრიოტთა ალიანსი" – 4%-ით და „თავისუფალი დემოკრატები" – 3%.
პარლამენტის ექს-სპიკერის ნინო ბურჯანაძის პარტია „დემოკრატიულ მოძრაობას" გამოკითხულთა 2% უჭერს მხარს.
რაც შეეხება „რესპუბლიკურ პარტიას", „ახალ პოლიტიკურ ცენტრ — გირჩს" და ყველა დანარჩენ პარტიას ერთად აღებულს, ხმების 1% ხვდათ წილად.
ამასთან, გამოკითხულთა 15%-მა არ იცის მომავალ კვირაში არჩევნები რომ იყოს, ვის მისცემს ხმას, ხოლო რესპონდენტების 20%-მა კი აღნიშნულ კითხვაზე პასუხი არ გასცა.