თბილისი, 31 მარტი — Sputnik. სამშენებლო კომპანია „ცენტრ-პოინტის" დამფუძნებლებს — მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ებანოიძემ განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
„ცენტრ პოინტის“ საქმეზე, კერძოდ სააკაძის მოედანზე მდებარე ობიექტის ეპიზოდზე სასამართლო განხილვები დასრულდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
„ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მაია რჩეულიშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო თანხის მითვისების ბრალდებაში და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
ასევე 4 წლიანი პატიმრობა შეეფარდა „ცენტრ პოინტის“ ერთ–ერთ დამფუძნებელს რუსუდან კერვალიშვილს, რომელიც სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მაია რჩეულიშვილი სასამართლო პროცესს ვერ დაესწრო. უახლოეს დღეებში მისთვის გულის ოპერაციის გაკეთება იგეგმება.
გამოძიება რჩეულიშვილსა და კერვალიშვილს 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავება. საქმე ამ ეტაპზე ეხება ამხანაგობა თაბუკაშვილი 88-ის წევრთათვის განკუთვნილი სახლის მშენებლობას.
აღსანიშნავია, რომ პატიმრობაში იმყოფება მაია რჩეულიშვილის ვაჟი — გურამ რჩეულიშვილიც, რომელსაც ბათუმში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისას თანხების გაფლანგვა ბრალდება.