"ცენტრ-პოინტის" საქმეზე დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

© FB/Vakhtang Rcheulishviliცენტრ-პოინტის მშენებლობა
ცენტრ-პოინტის მშენებლობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსხვილი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელობას წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. მათ თანხების გაფლანგვა ედებათ ბრალად.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერის ვახტანგ რჩეულიშვილის ოჯახის კუთვნილი სამშენებლო კომპანია „ცენტრ–პოინტ ჯგუფის“ გაფლანგვის საქმეზე ფიგურანტებს, იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი 2".  

წინასწარ პატიმრობა შეეფარდათ „ცენტრ–პოინტ ჯგუფის“ დამფუძნებელს მაია რჩეულიშვილს, მის ვაჟს — სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს გურამ რჩეულიშვილს, კომპანიის ფილიალის „ცენტრ–პოინტ აჭარას“ ყოფილ დირექტორს სალომე ჩარკვიანს და ამჟამინდელ დირექტორს ირაკლი მინდელს. 

ჩარკვიანი და მინდელი სასამართლოს განაჩენამდე დააპატიმრეს, მაია რჩეულიშვილი სასამართლოს დარბაზში დააპატიმრეს, ხოლო გურამ რჩეულიშვილი, რომელიც არ ესწრებოდა განაჩენის გამოცხადებას, რამდენიმე საათის შემდეგ დააკავეს.

წინასასამართლო სხდომა 1 სექტემბრისთვის ჩაინიშნა. 

პროკურატურის განცხადებით, შპს „ცენტრ–პოინტ ჯგუფის“ მიერ გაწეული სარეკლამო კამპანიით 2005 წლის 2 მაისიდან 2010 წლის 8 სექტემბრამდე პერიოდში მოქალაქეებისგან მოზიდულ იქნა ფულადი სახსრები 64 219 606 ლარის ოდენობით. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული თანხები უნდა მიმართულიყო მშენებლობისთვის, 2006 წლის 28 ნოემბრამდე პერიოდში სალომე ჩარკვიანმა, სანამ ის დირექტორის თანამდებობას იკავებდა, სალაროდან მენაშენეთა მიერ შეტანილი თანხა 3 756 017 ლარის ოდენობით არამიზნობრივად გაფლანგა და თანხა არ მოხმარდა კონკრეტული ობიექტის მშენებლობას. 

აშშ დოლარი - Sputnik საქართველო
პროკურატურა: „ცენტრ–პოინტის“ ხელმძღვანელობამ 20 მლნ აშშ დოლარამდე გაფლანგა

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ფილიალის დირექტორად ირაკლი მინდელის დანიშვნის შემდეგ მან 2006 წლის 28 ნოემბრიდან 2010 წლის ოქტომბრამდე პერიოდში არამიზნობრივად გაფლანგა შპს „ცენტრ–პოინტ აჭარას“ მენაშენეთა მიერ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის შეტანილი თანხა 15 984 829 ლარის ოდენობით.

ამდენად, ერთობლიობაში მაია რჩეულიშვილმა ირაკლი მინდელთან და სალომე ჩარკვიანთან ერთად გაფლანგა მენაშენეთა კუთვნილი ფულადი თანხა 19 740 845 ლარი.

გარდა ამისა, ირაკლი მინდელი შპს „ცენტრ–პოინტ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან გურამ რჩეულიშვილთან ერთად 2009 წლის 7 ივლისიდან 2010 წლის 30 მარტამდე პერიოდში დაეუფლა მენაშენეთა კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას 1 657 959 ლარის ოდენობით, რაც მათ ერთობლივად მიითვისეს.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ შპს „ცენტრ–პოინტ აჭარამ“ არ უზრუნველყო ობიექტების მშენებლობა პუშკინის და ბაგრატიონის ქუჩებზე, არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები საცხოვრებელი კომპლექსი „თეთრი მაგნოლიის“ მენაშენეების მიმართ, რის გამოც მოქალაქეებმა განიცადეს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი. 

მაია რჩეულიშვილის, ირაკლი მინდელის, სალომე ჩარკვიანის და გურამ რჩეულიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
წულუკიანი: „ცენტრ–პოინტის“ საქმეში პოლიტიკური მოტივი არ არის

ქართული სამშენებლო კომპანია „ცენტრ–პოინტ ჯგუფი“ 1990-იანი წლების დასაწყისში დაარსდა. მისი დამფუძნებლები არიან დები მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი — საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი. თითოეულს კომპანიის აქციათა 50% ეკუთვნის. 

„ცენტრ–პოინტ ჯგუფი“ არაერთხელ გამხდარა სკანდალის მიზეზი. კომპანიის მოქმედებების შედეგად, დაუზუსტებელი ინფორმაციით, 6000-ზე მეტი ადამიანი თვლის თავს დაზარალებულად. 

ყველა ახალი ამბავი
0