დღეს ჩვენს შესანიშნავ აივანზე, მასპინძლის უფლების გამოყენებით და სავარაუდოდ ყველა ბუნების კანონის დარღვევით, დაგახვედრებთ არაჩვეულებრივ მზესუმზირებს — ყვავილებს, რომელიც საოცრად მიყვარს, რადგანაც მართლა პატარა მზეებს მაგონებენ და ჩემი უკრაინელი წინაპრების სოფელს — ბულოხოვს, რომელსაც ისინი საოცრად ალამაზებდნენ და ამხიარულებდნენ…
დღეს კი ჩვენი აივნის სტუმარია — დიდი ვინსენტ ვან გოგი, სწორედ ის ნორმანდიელი მხატვარი, ძალიან თავისებური, წინააღმდეგობრივი და უსასრულოდ ნიჭიერი კაცი, რომლის შექმნილი ცნობილი „მზესუმზირები“ მისი შემოქმედების ერთგვარი სავიზიტო ბარათი გახდა და ღირსეულ ადგილს იკავებს მსოფლიო ფერწერის შედევრს შორის… თუმცა შედევრების პირველ ათეულში შედის ვან გოგის სხვა ორი სურათი „ვარსკვლავებიანი ღამე“ და „ავტოპორტრეტი წვერის გარეშე“… აღსანიშნავია, რომ მზესუმზირების თემას მხატვრის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი როლი ეკუთვნოდა… მან ამ ყვავილებს 10 ნახატი მიუძღვნა… მისი ძმის მოგონებით, მას ძალიან უყვარდა მზეუმზირები და თავის ყვავილებად თვლიდა…

ვინსენტ ვან გოგი დაიბადა ზუსტად ამ დღეს — 1853 წლის 30 მარტს, ჰოლანდიის სამხრეთით მდებარე პატარა სოფელ გროოტ-ზიუნდერტში…
მან ურთულესი ცხოვრება გაიარა… ერთხელ ისიც კი წამოსცდა — „ფერწერა ძალიან ძვირადღირებულ საყვარელს გავს. მას ვერაფერს ვერ უშვები, როდესაც ფული არა გაქვს. ფული კი ყოველთვის არ გყოფნის“…
გასაკვირი იცით, რა არის? ის, რომ მან შეინარჩუნა გულში ის სითბო და გრძნობებში ფერის ის პალიტრა, რომელიც, ისეთ სიამოვნებას და ბედნიერებას გჩუქნის, რისი უნარიც მხოლოდ ნამდვილ ხელოვნებას გააჩნია…
საოცარია, მაგრამ ვან გოგმა ხატვა 27 წლის ასაკში დაიწყო და მხოლოდ 10 წელი ემსახურებოდა თავის მუზას… როდესაც ის ხატვას იწყებდა, მისთვის ყველაფერი რაც გარე სამყაროში ხდებოდა, სულერთი იყო… ის მთელ თავის სახსრებს ხარჯავდა ცნობილ ფერმწერებთან გაკვეთილებში და კაპიკებს იტოვებდა, რომელიც მხოლოდ პურის, ყავის და იაფი ღვინის საყიდლად ჰყოფნიდა… სამწუხაროდ, ბოლოს შეეჩვია აბსენტს, რაც მის ფსიქიურ მდგომარეობაზე საშინლად მოქმედებდა და რამდენჯერმე ფსიქიატრულ საავადმყოფოშიც კი გადიოდა მკურნალობას…
მაგრამ ეს იყო მისი ცხოვრება… გზა, რომელიც მან თავისი ნებით აირჩია… ერთხელ ვან გოგმა თქვა — „მერე რა, რომ ცხოვრებაში ვიღებ სერიოზულ დარტყმებს და შეცდომებს ვუშვებ, ხშირად მართალიც არა ვარ — ეს ყველაფერი არ არის საშიში, რადგანაც ძირითადად, მაინც მართალი ვარ“…

ვინსენტს მთელი მისი შემოქმედებითად არეული და მძიმე ცხოვრების პერიოდში გვერდში ედგა ძმა — თეო, რომელმაც მხატვრის რამდენიმე გამოფენაც კი მოაწყო, ფინანსურადაც ეხმარებოდა, მაგრამ ვან გოგმა ყაირათიანად ფულის ხარჯვა და განაწილება მაინც ვერ ისწავლა…
ერთ-ერთი მისი ყველაზე გახმაურებული სურათია „ავტოპორტრეტი ჩიბუხით“, რომელზეც მხატვარს ყური აქვს შეხვეული… არსებული ვერსიით, ვან გოგმა თავად მოიჭრა ყური, მეგობართან, ასევე შესანიშნავ მხატვარ პოლ გოგენთან, რომელსაც აღმერთებდა, ჩხუბის დროს. თუმცა არსებობს სხვა ვერსიაც, რომ თავშეუკავებელი ვან გოგი სამართებლით მივარდა გოგენს, მან კი, როგორც უფრო გამოცდილმა მოჩხუბარმა, შეძლო დასძრომოდა ხელიდან, დაარტყა და სრულიად შემთხვევით, სამართებელი ყურზე მოხვდა… ამ ამბის შემდეგ, ვინსენტი პირველად მოხვდა ფსიქიატრულ საავადმყოფოში…
შემდგომში მისი ფიზიკური მდგომარეობა უარესდებოდა… ის გრძნობდა, რომ თავის ძმას სერიოზულ ტვირთად აწვებოდა და 1890 წლის 27 ივლისს, სცადა თვითმკვლელობა და ისროლა გულში ტყვია… მთელი 29 საათის განმავლობაში ექიმები და მისი ძმა ვან გოგის გადარჩენას ცდილობდნენ, მაგრამ ამაოდ… ის 29 ივლისს გარდაიცვალა, სულ რაღაც 37 წლის ასაკში…
და ბოლოს მინდა გავიხსენო ისევ მხატვრის სიტყვები — „ჩემი აზრით, მე ყოველდღე არა, მაგრამ ხშირად ვარ ხოლმე ზღაპრულად მდიდარი — არა ფულით, არამედ იმით, რომ ჩემს მუშაობაში ვპოულობ ისეთ რაღაცას, რომელსაც შემიძლია მივუძღვნა სული და გული და რომელიც შთამაგონებს და აზრს აძლევს ჩემს ცხოვრებას“…
ახლა კი შემოგთავაზებთ პატარა ნაწყვეტს საოცარი ფილმიდან — “სიცოცხლის წყურვილი“, რომელიც შექმნილია ირვინგ სტოუნის ნაწარმოების მიხედვით და რომელშიც ვან გოგის და პოლ გოგენის როლს შეუდარებლად ასრულებენ კირკ დუგლასი და ენთონი ქუინი… თუ არა გაქვთ ნანახი, აუცილებლად ნახეთ…
გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და ვან გოგის ტილოებივით ლამაზ დღეს!