თბილისი, 30 მარტი — Sputnik. 2017 წელს საქართველო საერთაშორისო დონის უპრეცედენტო რაოდენობის სპორტულ ღონისძიებებს უმასპინძლებს, ნათქვამია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს სპორტულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ეწვევა.
„ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, ქვეყნისა და იმ რეფორმების აღიარებაა, რომელსაც ჩვენი მთავრობა ახორციელებს, მათ შორის, სპორტის მიმართულებით. მსოფლიო სპორტულ რუკაზე საქართველოს ღირსეული ადგილი უჭირავს, რაც ხელს უწყობს სპორტის განვითარებას, სპორტსმენების დონის ამაღლებასა და რა თქმა უნდა, მსოფლიოში ქვეყნის პოპულარიზაციას", — განაცხადა სპორტის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით პროექტ Check in Georgiaს ფარგლებში, აპრილში ოთხი სპორტული ღონისძიება გაიმართება — თბილისის გრან-პრი ძიუდოში (31 მარტი — 2 აპრილი), საერთაშორისო ჩემპიონატი ავტორბოლაში (1-2 აპრილი), დევისის თასის მატჩი საქართველოსა და ლიტვის გუნდებს შორის (7-9 აპრილი) და ევროპის ჩემპიონატი სუმოში (22-23 აპრილი).
მაისის თვეში ასევე დაგეგმილია ოთხი მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება — საერთაშორისო მარათონი Wings for life (7 მაისი), ევროპის ჩემპიონატი უშუში (11-21 მაისი), ევროპის ჩემპიონატი ჯომარდობაში (22-28 მაისი) და რაგბის მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატი (31 მაისი-18 ივნისი).
რაგბის მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატის პარალელურად, რომელიც ივნისში ტარდება, საქართველო ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს (11-17 ივნისი)
ზაფხულში ასევე ჩატარდება ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ფეხბურთში (გორი — 2-15 ივლისი) და ხელბურთში მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატი (8-21 აგვისტო).
შემოდგომის პირველ თვეში მსოფლიო თასი ჭადრაკში (2-28 სექტემბერი) და ქალთა შორის ფრენბურთში ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი (21-25 სექტემბერი).