თბილისი, 30 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ოლი მაჟლისის (პარლამენტის) სენატის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ სოდიკ საფაევმა თბილისში ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს, ნათქვამია მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
უზბეკეთის დელეგაციაში, რომელსაც საფაევი ხელმძღვანელობს ასევე შედიან სს "უზბეკეთის რკინიგზის", უზბეკეთის საგარეო საქმეთა და საგარეო–ეკონომიკური კავშირების სამინისტროების წარმომადგენლები.
კვირიკაშვილისა და საფაევის შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებულ პოტენციალზე. საუბარი შეეხო დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ხაზი გაესვა ქვეყნის საინვესტიციო და სატრანსპორტო-ლოგისტიკურ პოტენციალს და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უცხოელ სტუმარს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა გააცნო, რომელიც ითვალისწინებს: ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობ რეფორმებს და სამუშაო ადგილების შექმნას, განათლების რეფორმას, რომელიც ეკონომიკურ განვითარებაზე იქნება ორიენტირებული, რეგიონებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას და მმართველობის რეფორმას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტურობასა და მეტ გამჭვირვალობას.
პოლიტიკოსებმა კმაყოფილებით აღნიშნეს კულტურის სფეროში თანამშრომლობის კუთხით არსებული დინამიკა და ხაზი გაუსვეს პარლამენტთაშორისი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს.
დიპლომატიური ურთიერთობები საქართველომ და უზბეკეთმა 1994 წლის აგვისტოში დაამყარეს, მაგრამ საელჩოები არ გაუხსნიათ. საქართველოს დიპლომატიური მისია უზბეკეთს ტაჯიკეთიდან ფარავს, ხოლო უზბეკეთი საქართველოს აზერბაიჯანში არსებული საელჩოდან ფარავს.
საქართველოსა და უზბეკეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები დინამიურად ვითარდება, განსაკუთრებით ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2012 წელთან შედარებით 2016 წელს 184%-ით გაიზარდა და 81 მილიონი დოლარი შეადგინა.