— დავიწყოთ თქვენი ბავშვობიდან. როდის დაიწყეთ ხატვა, როგორ აღმოაჩინეს, რომ ხატვის ნიჭი გქონდათ?
— ხატვა ბავშვობიდან მიყვარს. მამა მხატვარი მყავს და ეს ნიჭი მისგან გამომყვა. 4 წლის ასაკიდან ვხატავ. ვხატავდი ყველგან – ჩემ ალბომში, რვეულებში, გაზეთებზეც კი. მშობლები ხედავდნენ ამ ყველაფერს და ყველა პირობა შემიქმნეს, რომ ნიჭი არ დამეკარგა.
— გაიხსენეთ თქვენი პირველი სერიოზული ნამუშევარი, როგორი ემოცია გამოიწვია მნახველში, როგორ მოიწონეს და შეაფასეს?
— ჩემი პირველი სერიოზული ნამუშევარი განსაკუთრებით პროფესორ ოთარ დარჩიას მოეწონა. აქვე მინდა ამ შესაძლებლობით ვისარგებლო და მას თანადგომისთვის მადლობა გადავუხადო. ეს ძალიან დიდი სტიმული იყო ჩემთვის.
— მხატვრობის კუთხით რა განათლება გაქვთ მიღებული?
— კონკრეტულად არც ერთ სამხატვრო სასწავლებელში არ მაქვს მიღებული განათლება. ხატვა ვისწავლე დაუღალავი შრომით, პროფესორების დახმარებით, მცენარეების ხატვიდან დაწყებული, ადამიანის სხეულის ანატომიით დამთავრებული.
— ამჟამად რას საქმიანობთ და რა დროს უთმობთ ხატვას?
— ამ ეტაპზე ვსწავლობ ბაღის დიზაინის სპეციალობაზე. ხატვა ძალიან მეხმარება. ფაქტობრივად, ბაღის დიზაინერი მხატვარია. დიზაინერს თავისი წარმოსახვით შექმნილი ნებისმიერი იდეა ჯერ ფურცელზე გადააქვს და შემდეგ მას რეალობაში აცოცხლებს. ამასთანავე ცოცხალ მცენარესთან ურთიერთობა უფრო შრომისმოყვარეს, კეთილშობილსა და მზრუნველს ხდის ადამიანს, მათ შორის მეც. მაქვს ასევე მწერლობის ნიჭიც, სულ მალე დავასრულებ ჩემ ახალ ნაწარმოებზე მუშაობას. ვცდილობ ხატვისთვის ყოველთვის მქონდეს თავისუფალი დრო, ეს ხომ ჩემი სამყაროა…
— რა არის თქვენთვის ყველაზე საინტერესო თემა?
— ისეთი თემა, რომელიც სულიერებას შეეხება….
— რა შეიძლება გახდეს თქვენი შთაგონების წყარო?
— უბრალოდ ბუნება, ან უცხო გარეგნობის ადამიანი, რომელსაც განსაკუთრებული ემოცია და ხასიათი ექნება.
— რა გარემოში გიყვართ და გსიამოვნებთ ხატვა?
— მიყვარს ხატვა ისეთ გარემოში, სადაც თავს მშვიდად ვგრძნობ. მე პირადად ხატვისას მხიბლავს კლასიკური მუსიკის თანხლება. მუსიკა ხატვასთან ერთად მუზების და ინსპირაციების კარგი მომწოდებელია.
— ძირითადად ხატავთ პორტრეტებს. ავტოპორტრეტი თუ დაგიხატავთ?
— მიყვარს პორტრეტების ხატვა, ზოგჯერ მხატვრები პორტრეტის შექმნისას განსაკუთრებით უსვამენ ხაზს კონკრეტული ადამიანისთვის დამახასიათებელ რაიმე ნიშანს, ან ისეთ დეტალსა და აქსესუარს იყენებენ, რომლებიც ამ ადამიანს გვახსენებს. ავტოპორტრეტი არასდროს დამიხატავს და რატომღაც არც მიფიქრია ადრე ამაზე. თუმცა იმაზე არ ვიტყოდი უარს, ვინმეს რომ დაეხატა ჩემი პორტრეტი.
— რა დროს ანდომებთ თითოეული ნახატის შექმნას?
— გააჩნია ნახატი რა სახის არის. ვცდილობ მაქსიმალურად გამოვიყენო შესაძლებლობები და შედეგიც კარგი დაიდოს.
— გაიხსენეთ ადამიანი, ვისი პორტრეტის დახატვა ძალიან საპასუხისმგებლო და საამაყო იყო თქვენთვის.
— ეს ადამიანი გახლავთ შორენა ბეგაშვილი. ფაქტიურად ერთ დღეში უნდა მომესწრო გადაცემის ჩაწერისთვის მისი პორტრეტის დახატვა. პროდიუსერსაც დიდი მოლოდინი ჰქონდა და გულს ვერ დავწყვეტდი. ძალიან მოეწონა.
— თავად შორენას მოეწონა თავისი პორტრეტი?
— იცით, ძალიან გაუხარდა, მოეწონა და აღფრთოვანდა თავისი პორტრეტით. სტუდიაში მითხრეს, რომ ძალიან ჰგავდა შორენას.
— საღებავებითაც ხატავთ თუ მხოლოდ ფანქრით?
— უფრო მეტად ფანქრებით, თუმცა მაქვს საღებავებში შესრულებული ნამუშევრებიც, რომლებიც ჯერ არავის უნახავს და სამომავლოდ პერსონალურ გამოფენაზე იქნება ნახვის შესაძლებლობა.
— რას ნიშნავს თქვენთვის მხატვრობა, რა ადგილი უკავია მას თქვენ ცხოვრებაში?
— მხატვრობა ადამიანის სულიერი მოღვაწეობის ის სფეროა, რომლისთვისაც თავისუფლება ჰაერივით აუცილებელია. ის ჩემთვის სხვა სამყაროში გამყვანია. ხატვისას წყდები მიწიერს და რაღაც ახალ სამყაროში ხვდები.
— ალბათ გამოფენებში ხშირად იღებთ მონაწილეობას?
— სამწუხაროდ, ხშირად ვერ ვიღებ მონაწილეობას დატვირთული გრაფიკის გამო.
– ვინ არის თქვენი ფავორიტი მხატვარი?
— ჩემი ფავორიტი მხატვარი ლეონარდო და ვინჩია. ძალიან მიყვარს მისი შემოქმედება. ის ტილოებზე ჰაერით სავსე უკიდეგანო სივრცეებს სახავდა. მხატვრული ხერხები, კერძოდ კი სფუმატო მის ნამუშევრებში სიღრმის ეფექტის გადმოცემის უნიკალურ მაგალითს წარმოადგენს. მომწონს ლეონარდოს ნახატების ბუნებრიობა, სიფაფუკე და დახვეწილობა…