თბილისი, 30 მარტი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ დიმიტრი გოლავა "საქართველოს ბანკის" სერვის-ცენტრზე ყაჩაღურ თავდასხმაში დამნაშავედ სცნო და ათი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აღნიშნულია საქართველოს მთავრი პროკურატურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
პროკურატურის მონაცემებით, 2016 წლის 7 ივნისს, დაახლოებით 20:50 საათზე, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე დიმიტრი გოლავა, დაუდგენელ პირთან ერთად, თავს დაესხა სს "საქართველოს ბანკის" სერვის-ცენტრს, მოლარე ოპერატორსა და დაცვის თანამშრომელს მუქარით გასტაცა სს "საქართველოს ბანკის" კუთვნილი 2560 ლარი, 5478 აშშ დოლარი, 1530 ევრო, 510 ევროდ ღირებული ე.წ. ცხელი ფულის შეკვრა და დაცვის თანამშრომლის კუთვნილი ZORAKI-ს მოდელის აირის პისტოლეტი, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ გოლავა 2016 წლის 25 ივნისს დააკავა. მას ბრალი წაუყენეს სსკ-ის მუხლით "ყაჩაღობა ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით", რაც 8-იდან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.