თბილისი, 29 მარტი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას ინიციატივით, სახელმწიფო სკოლებში ახალი პროექტი „ისწავლე მეტი, თამაშით“ ამოქმედდება, განაცხადა ბრიფინგზე განათლების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიამ.
პროექტის მიზანი — ბავშვების უჩვეულო ფორმატში სწავლებაა. ამისათვის საქართველოს სკოლებში საგანმანათლებლო, ინტელექტუალურ და სამაგიდო თამაშებს გამოიყენებენ.
უწყებაში დარწმუნებული არიან, რომ სამაგიდო თამაშები მოსწავლეებს უვითარებს როგორც გუნდურობის შეგრძნებას, ასევე, ინდივიდუალურ სწრაფვას გამარჯვებისა და წარმატებისკენ, ამაღლებს მოსწავლეთა ინტერესს და მოტივაციას სწავლისადმი.
„ჩვენ მნიშვნელოვნად ვთვლით სასწავლო პროცესში დიდი ინტერესი, სიხარული და ბევრი ინიციატივა შევიტანოთ. შესაბამისად, სამინისტრო რიგ ღონისძიებებს ახორციელებს იმისთვის, რომ ეს საკითხი გადაჭრას. ერთ-ერთ საინტერესო მიმართულებად ჩვენ სასწავლო პროცესში სამაგიდო თამაშების დანერგვა მიგვაჩნია“, — განაცხადა მურღულიამ.
სამინისტროში აღნიშნეს, რომ უწყება მზადაა შეიძინოს სამაგიდო თამაშები, რომლებიც უნდა იყოს აზარტული, გუნდური, ინდივიდუალური და ამასთანავე ხელი უნდა შეუწყოს ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარებას.
მსურველებმა სკოლებისთვის სამაგიდო თამაშების კონცეფცია 10 აპრილამდე სამინისტროს ელექტრონულ მისამართზე უნდა გააგზავნონ.