თბილისი, 29 მარტი — Sputnik. გაზეთის „ქრონიკა+" მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის შვილის დავით ხარშილაძის დაკავების საქმეს პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე თბილისის პროკურატურა იძიებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს მთავარ პროკურატურაზე დაყრდნობით.
პროკურატურის გამოძიებას წინ უსწრებდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმება, რომელიც ხარშილაძის და საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებების საფუძველზე დაიწყო. მათ განაცხადეს, რომ დაკავებისას პოლიციელებმა არაპროპორციული ძალა გამოიყენეს.
„თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში 2017 წლის 23 მარტს დავით ხარშილაძის დაკავებისას შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე სსკ-ის 333 მუხლით (სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება) გამოძიება დაიწყო", — განაცხადა მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა ნათია სუხიტაშვილმა.
ელისო კილაძე მიიჩნევს, რომ მისი შვილის დაკავების უკან საქართველოს ხელისუფლება დგას. მიზეზად კილაძე მის პროფესიულ საქმიანობას, კერძოდ, მისი გაზეთს ფურცლებიდან ხელისუფლების კრიტიკას ასახელებს.
„გამოძიების ფარგლებში უნდა მოხდეს სამართალდამცველების დაკითხვაც, ვინც ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობდა. გამოძიების მასალებით მათი რიცხვი არის სამი, მაგრამ, რეალური ინფორმაციით, სამი ეკიპაჟი, ანუ 12 პოლიციელია. თუ იქნება პოლიტიკური ნება იმისა, რომ დამნაშავეები დასაჯონ, დამნაშავეები დაისჯებიან, თუ არ იქნება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გადაწყვეტილება, დამნაშავეები არ დაისჯებიან და ეს გამოძიება იქნება ფორმალური", — განაცხადა ელისო კილაძემ ტელეკომპანია Rustavi2-თან ინტერვიუში.
ელისო კილაძის ვაჟი დავით ხარშილაძე თბილისში მარტის შუა რიცხვებში ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 მარტს მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.