ევროვიზია 2017: თაკო გაჩეჩილაძემ გამოწვევა სომეხი მონაწილისგან მიიღო

© FB / Artsvik Eurovisionარცვიკ არუთუნიანი
არცვიკ არუთუნიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომეხი მომღერალი არცვიკ არუთინიანი ფლეშმობს შეუერთდა და ქართული სიმღერა შეასრულა.

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. მუსიკალური ფლეშმობის Celebrate Diversity-ს ფარგლებში "ევროვიზია 2017"-ის ქართველმა მონაწილემ თამარ გაჩეჩილაძემ გამოწვევა მიიღო კონკურსის სომეხი მონაწილისგან — მომღერალ არცვიკ არუთინიანისგან.

ამ მუსიკალური აქციის ფარგლებში "ევროვიზიის" მონაწილეები სიმღერებს სხვა მონაწილე ქვეყნების ენაზე ასრულებენ და გადასცემენ ესტაფეტას – იგივეს გაკეთებას სხვებს სთავაზობენ.

პირველი ამ ინიციატივას გერმანელი მომღერალი ლევინა შეუერთდა. მან აღიარა, რომ მისთვის ძალიან რთული და ამავე დროს ამაღელვებელი იყო სომხური სიმღერის შესრულება. შემდეგი, ვინც ასევე სომხური კომპოზიცია შეასრულა, იყო სომხური წარმოშობის მომღერალი კვიპროსიდან ოვიგი.

თავის მხრივ, სომეხმა მომღერალმა არცვიკ არუთინიანმა ქართული სიმღერა შეასრულა და ამით თამარ გაჩეჩილაძე მუსიკალურ "დუელში" გამოიწვია.

თაკო გაჩეჩილაძე - Sputnik საქართველო
ევროვიზია 2017: საქართველოს კონკურსზე თაკო გაჩეჩილაძე წარადგენს

"ვაგრძელებთ Celebrate Diversity Challenge-ს. ამჯერად გადავწყვიტე შემესრულებინა კომპოზიცია Moxevis Galo Tinao ("მოხევის ქალო თინაო"). გთხოვთ მკაცრად არ განმსაჯოთ", — დაწერა არცვიკმა.

თამარმა სომეხი გოგონას გამოწვევა მიიღო: "მშვენიერი ნამუშევარია, სომხეთი! ახლა ჩემი რიგია".

მუსიკალური აქცია Celebrate Diversity-ს ფარგლებში რომელი მონაწილე ქვეყნის სიმღერას აირჩევს გაჩეჩილაძე, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე 34 წლისაა, ის თბილისში დაიბადა. 2009 წელს ჯგუფ "სტეფანე და 3G"-ს შემადგენლობაში ის მოსკოვში "ევროვიზიაზე" საქართველოს სახელით უნდა გამოსულიყო, მაგრამ ეს არ მოხდა საკონკურსო სიმღერის We Dont Wanna Put In-ის პოლიტიკური კონტექსტის გამო: კონკურსანტებს ტექსტის შეცვლა სთხოვეს, მაგრამ ჯგუფმა ეს არ გააკეთა და კონკურსში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

კიევში თაკო გაჩეჩილაძე წარდგება სიმღერით Keep the Faith. კომპოზიტორია ანრი ჯოხაძე, რომელმაც საქართველო "ევროვიზია 2012"-ზე ბაქოში წარადგინა. თაკოს სიმღერა მსოფლიოს შეახსენებს, რომ ადამიანმა ყველაფრის მიუხედავად უნდა შეინარჩუნოს უკეთესის რწმენა.

გაჩეჩილაძის გამოსვლა "ევროვიზია 2017"-ზე კონკურსის პირველ ნახევარფინალში 9 მაისს შედგება. ფინალი 2017 წლის 13 მაისს გაიმართება. უკრაინა კონკურსს მეორედ მასპინძლობს — პირველად ეს 2005 წელს მოხდა, ქვეყანას გამარჯვება მაშინ მომღერალმა რუსლანამ მოუტანა.

ყველა ახალი ამბავი
0