დიმიტრი ჯორჯაძე: ამერიკელი მილიონრის სიძე, უშვილობის ხელწერილი და აუხდენელი ოცნება

© არქივითავადი დიმიტრი ჯორჯაძე
თავადი დიმიტრი ჯორჯაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-საქართველო და იგორ ობოლენსკი ქართველი თავადის, დიმიტრი ჯორჯაძის ცხოვრებასა და ამერიკელი მილიონრის მემკვიდრის, ოდრი ემერის სიყვარულს იხსენებენ.

დიმიტრი ჯორჯაძე კახეთში დაიბადა 1898 წელს, ტიტულარული სავეტნიკის, თავად ალექსანდრე ჯორჯაძის ოჯახში.

სამშობლო 1921 წელს დატოვა, ათასობით თანამემამულის მსგავსად.

© არქივითავადი დიმიტრი ჯორჯაძე
თავადი დიმიტრი ჯორჯაძე - Sputnik საქართველო
თავადი დიმიტრი ჯორჯაძე

პირველ ხანებში რომში ცხოვრობდა, სადაც მისი ბიძა, თავადი გიორგი მაჩაბელი იტალიაში ქართულ საელჩოს ხელმძღვანელობდა. ეს ის მაჩაბელი იყო, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვისა და საელჩოს დახურვის შემდეგ ამერიკაში გაემგზავრა და იქ ცნობილი პარფიუმერული კომპანია "პრინცი მაჩაბელი" დააარსა.

დისშვილი კი ევროპაში დარჩა და საარსებო სახსარს ავტორბოლებში მონაწილეობით შოულობდა. 1931 წელს თავადი ჯორჯაძე ჩემპიონიც კი გახდა.

ივლიტა ჯორჯაძე, დიმიტრი ჯორჯაძის ძმისშვილი იხსენებს:

"1934 წელს ერთ–ერთი რბოლის შემდეგ დიმიტრი სულის მოსათქმელად კაფეში შესულა და ფანჯრიდან ჯიშიან ცხენზე ამხედრებული ლამაზი გოგონა დაუნახავს. არადა, ქალები და ცხენები მისი მთავარი გატაცება იყო. ამიტომაც ძია მიტო ამ სურათის მიმართ გულგრილი ვერ დარჩებოდა. კაფეს მეპატრონისთვის უკითხავს, ვინ არის ეს ახალგაზრდა ქალიო? უთქვამთ, ეს ოდრი ემერია, ამერიკელი მილიონრის ქალიშვილიო".

იმ დროს ოდრი დიდთავად დმიტრი რომანოვზე იყო გათხოვილი. წყვილი 1926 წელს დაქორწინებულიყო, მაგრამ ქორწინებამ სულ რაღაც ათ წელს გასტანა…

თუმცა, ოდრი ემერისა და დმიტრი პავლოვიჩის ურთიერთობები რეალურად ოფიციალურ განქორწინებამდე ბევრად ადრე გაცივდა. დიდი კნიაზი სულ უფრო და უფრო იკეტებოდა საკუთარ ნაჭუჭში, ოდრის ცხოვრებაში კი ახალი მამაკაცი გამოჩნდა.

© არქივიოდრი ემერი
ოდრი ემერი - Sputnik საქართველო
ოდრი ემერი

დიმიტრი ჯორჯაძე ოდრი ემერის კვლავ მხოლოდ 1936 წელს შეხვდა — პირველი დანახვიდან ორი წლის შემდეგ. მეგობარ ქალთან ერთად მივიდა ლანჩზე, რომელსაც თავადიც ესწრებოდა.

და მათი ურთიერთობაც დაიწყო…

ერთ დღეს თავადს საყვარელი ქალისთვის, რომელიც ჯერ ისევ დიდთავად დმიტრი რომანოვის ოფიციალური ცოლი იყო, დროებით განშორება შეუთავაზებია. ამაზე ოდრი ატირებულა, ქმართან ყოფნა აღარ შემიძლია, შენ მიყვარხარო.

მაგრამ შეყვარებულები მაინც დაშორდნენ: ოდრი ინგლისში გაემგზავრა, დიმიტრი კი პარიზში დარჩა. თუმცა უერთმანეთოდ დიდხანს ვერ გაძლეს. მალე ქალმა მონატრებულ კაცს დაურეკა:

— ერთი სული მაქვს, შეგვხვდე. მოვდივარ და გთხოვ, დამხვდი.

— მე ყოველთვის შუა გზაზე დაგხვდები, — უპასუხა თავადმა…

© Courtesy of Michael Romanoff-Ilyinskyოდრი ემერი და დიდი თავადი დმიტრი რომანოვი
ოდრი ემერი და დიდი თავადი დმიტრი რომანოვი - Sputnik საქართველო
ოდრი ემერი და დიდი თავადი დმიტრი რომანოვი

და მარსელში დახვდა. პარიზში ერთად ჩავიდნენ. რაღაც დროის განმავლობაში ოდრი კვლავ დმიტრი რომანოვის ცოლად რჩებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების თანამგზავრობას უკვე დიმიტრი ჯორჯაძე უწევდა. ის ფაქტი, რომ ახალი რჩეული ქმრის სეხნია იყო, ამერიკელ ქალბატონს ბედის მინიშნებად ეჩვენებოდა.

ერთ დღესაც წყვილმა ავსტრიაში გამგზავრება გადაწყვიტა. ოდრიმ თავად მოინდომა საჭესთან დაჯდომა და "მერსედესი" დაიქირავეს…

ისინი უკვე სასტუმროს ტერასაზე ისხდნენ, როდესაც ქართველ თავადს სასტუმროს შესასვლელიდან მანქანის კარის მძლავრად მიჯახუნების ხმა შემოესმა. ამბის გასაგებად გავიდა და აღმოაჩინა, რომ სასტუმროსთან ზუსტად მათნაირი "მერსედესი" იდგა.

© photo: Sputnikდიდი თავადი დმიტრი რომანოვი
დიდი თავადი დმიტრი რომანოვი - Sputnik საქართველო
დიდი თავადი დმიტრი რომანოვი

იქიდან რამდენიმე გაუღიმარსახიანი ახალგაზრდა გადმოვიდა და სალონში დარჩენილ ჩია ტანის კაცს გზა დაუთმო. დიმიტრი ჯორჯაძემ მასში ჰიტლერი ამოიცნო, რომელმაც თავადს პირდაპირ თვალებში ჩახედა. ეს მომთვინიერებლის მზერა იყოო, იხსენებდა თავადი მოგვიანებით…

ოდრი ემერისა და დიმიტრი ჯორჯაძის ქორწილი 1937 წელს შედგა. ჯვრისწერამდე ცოტა ხნით ადრე ქართველი თავადი საპატარძლოს ძმამ, ჯეკ ემერიმ შეხვედრაზე მიიწვია. მან სასიძოს დოკუმენტის გაფორმება შესთავაზა, რომლის თანახმადაც დიმიტრის ოდრისთან საერთო შვილის ყოლაზე უარი უნდა განეცხადებინა. ამერიკელი მილიონრების ოჯახი ამ გზით ცდილობდა თავიდან აეცილებინა ახალი მემკვიდრის გაჩენა.

© Courtesy of Michael Romanoff-Ilyinskyოდრი ემერი
ოდრი ემერი - Sputnik საქართველო
ოდრი ემერი

ნინო ჯორჯაძე, დიმიტრი ჯორჯაძის ძმის შვილიშვილი იხსენებს:

"ძია მიტო ამბობდა, იმ მომენტში ჩემში კავკასიელმა გაიღვიძა და ხანჯალი რომ მქონოდა, დაუფიქრებლად განვგმირავდიო მომავალ ცოლისძმას. მაგრამ ოდრის სიყვარულით, ყველაფერზე მოუწერია ხელი".

ჯორჯაძეები რამდენიმე წლით საფრანგეთში დარჩენილან საცხოვრებლად.

ივლიტა ჯორჯაძე იხსენებს:

"ცოლსა და ქმარს არც ისე მარტივი ურთიერთობა ჰქონდათ. ოდრი სულ მოწყენილი იყო. დიმიტრი სულ ცდილობდა გაერთო ის მუსიკით, სპექტაკლებითა თუ წიგნებით. მაგრამ ამაოდ. ქალს არაფერი აინტერესებდა. ამბობდა, მოწყენილობისგან ვკვდებიო"…

© არქივითავადი დიმიტრი ჯორჯაძე
თავადი დიმიტრი ჯორჯაძე - Sputnik საქართველო
თავადი დიმიტრი ჯორჯაძე

მალე მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და დიმიტრიმ და ოდრიმ საცხოვრებლად ამერიკაში გადასვლა გადაწყვიტეს. გამგზავრების წინ თავადმა ჯორჯაძემ 175 ფუტის სიგრძე იახტა შეიძინა, რომელსაც მეუღლის საპატივცემულოდ მისი მეორე სახელი "მარიანა" უწოდა.

ოდრის ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. როგროც იქნა, საქმე გამოუჩნდა: იახტას მორთვა-მოკაზმვა სჭირდებოდა.

მოგვიანებით სწორედ ეს იქცევა ოდრის უსაყვარლეს საქმიანობად. სახლის არჩევისას ძირითადი ყურადღება შენობის სიდიდეს დაეთმობა — რაც მეტი ოთახი იქნება სახლში, მით ნაკლებად იწუწუნებს ოდრი, რომ ცხოვრება ფრიად მოსაწყენია.

ჯორჯაძეები ვირჯინიაში დასახლდნენ. დიმიტრი მთელი სერიოზულობით შეუდგა თავისი გერის, ოდრის ვაჟის აღზრდას — თანაც, ქართული ტრადიციების მიხედვით: ბიჭი სპორტს მისდევდა და ცხენით ჯირითიც იცოდა. 

სწორედ ცხენები იყო ჯორჯაძეების შემოსავლის წყარო: დიმიტრი დოღებშიც მონაწილეობდა და ცხენების მოშენებითაც იყო დაკავებული. მასზე ხშირად წერდნენ გაზეთები, რის გამოც ოდრი საშინლად ეჭვიანობდა…

რუსეთის მეფის გვირგვინი, სკიპტრა და „დერჟავა“ (დამზადებულია 1627-1628 წლებში). - Sputnik საქართველო
ქართველი თავადი, რომელმაც იმპერიის საგანძური გადაარჩინა

ერთ დღესაც ქართველი თავადი კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესის ლეგენდარულ სასტუმრო "ბელ ეირში" მსახიობ კლარკ გეიბლს გადაეყარა და მალე ნაცნობობა მეგობრობაში გადაიზარდა.

ერთხელ მეგობრები სან-სეტ ბულვარზე სეირნობდნენ და იმ მომენტისთვის ნაკლებად პოპულარული მსახიობი რონალდ რეიგანი შეხვდათ.

— გამარჯობა, ფერმერო, — ხუმრობით მიესალმა ის დიმიტრის.

მალე ჰოლივუდის ვარსკვლავები თავად ჯორჯაძის კლიენტები გახდნენ. მის ცხენებს ყიდულობდნენ კლარკ გეიბლი, ჯორჯ ბრენტი თუ ფრედ ასტერი.

თავადს იმდენად მოეწონა კალიფორნია, რომ ცოლს იქ გადასვლა შესთავაზა. მაგრამ ოდრიმ იუარა:

— ჰოლივუდი? ეს ძალიან ვულგარულია…

მოულოდნელად ჯეკ ემერიმ დიმიტრის სასწრაფოდ ნიუ-იორკში ჩასვლა სთხოვა. როდესაც ის სასტუმრო "რიტცში" შესულა, ოდრის ძმა და ემერების ოჯახის ადვოკატი დაუნახავს. ჯეკს ზედმეტი მიეთმოეთის გარეშე მოუთხოვია დიმიტრისთვის, განქორწინების საბუთზე მოეწერა ხელი. ქართველ თავადს შეურაცხყოფისა და აღშფოთებისგან ლამის გონება დაუკარგავს, მაგრამ სწრაფადვე მოუთოკავს თავი, საბუთზე ხელი მოუწერია და სასტუმრო დაუტოვებია.

ოდრი ემერისთან დიმიტრი ჯორჯაძის ქორწინება გაუქმდა და ქალმა ქალიშვილობის გვარი დაიბრუნა.

© არქივისილვია ეშლი
სილვია ეშლი - Sputnik საქართველო
სილვია ეშლი

თავადს ცხოვრების თავიდან დაწყებამ მოუწია. ჯერ სასტუმრო ბიზნესში მოსინჯა თავი, მერე ნავთობით ვაჭრობა სცადა, ხან არგენტინაში ცხოვრობდა, ხან — დომინიკელთა რესპუბლიკაში, ხანაც — ინდოეთში… მოკლედ, ყველაფერში უმართლებდა, პირადი ცხოვრების გარდა.

მერე მეორედ დაქორწინდა — ამჯერად სილვია ეშლიზე, რომელიც მანამდე ჯერ დუგლას ფერბექსის, მერე კი კლარკ გეიბლის ცოლი იყო. თუმცა დიმიტრი ჯორჯაძემ მასთან მხოლოდ რამდენიმე თვე იცხოვრა. მოგვიანებით გამოტყდა, სილვიაზე მხოლოდ იმის გამო დავქორწინდი, რომ სახის ნაკვთებით ოდრის ჩამოჰგავდაო.

წყვილი დაშორდა, მაგრამ სილვია სიცოცხლის ბოლომდე ჯორჯაძის გვარზე დარჩება და ამ გვარითვე დაიკრძალება…

თავადი ჯორჯაძე ნუგეშს მეგობრებთან ურთიერთობაში პოულობდა, რომელთა შორის გახლდათ კონსუელო ბალსანიც, ქალიშვილობაში ვანდერბილდი — უინსტონ ჩერჩილის კუზენის ყოფილი ცოლი.

სწორედ კონსუელო ბალსანის სახლში გაიცნო თავადმა უინსტონ ჩერჩილი, რომელსაც ყოფილ რძალთან ძალიან თბილი ურთიერთობა ჰქონდა. დიმიტრი იხსენებდა, თავიდან ჩერჩილმა ისე ახედ-დამხედა, როგორც ცხენს შეათვალიერებენ, მერე კი გამიღიმა, ხელი ჩამომართვა და მითხრა, კეთილი იყოს თქვენი გამოჩენა ჩემს ჰორიზონტზეო.

1963 წელს დიმიტრი ჯორჯაძე საცხოვრებლად მონტე-კარლოში გადავიდა. იქ კი მისმა უახლოესმა მეგობარმა, პრინცესა გრეის კელიმ შთააგონა, მემუარები დაეწერა. თანაც ლამაზი პრეზენტაციის მოწყობას დაპირდა.

წიგნი მართლაც დაიწერა. მაგრამ პრეზენტაციის მოწყობა სხვას მოუწია — გრეის კელი ავტოავარიაში დაიღუპა. დიმიტრი ჯორჯაძე ძმისშვილთან გაგზავნილ წერილში წერდა, რომ კელის სიკვდილის შემდეგ მონტე-კარლო მისთვის სრულიად გადასხვაფერდა და საბოლოოდ დაცარიელდა…

1971 წელს თავადს ტელეფონზე დაურეკეს. ეს ოდრი იყო:

— ვკვდები, ჩამოდი.

თავადმა დაუყოვნებლივ აიღო ბილეთი და ოკეანის მიღმა გაემგზავრა. მაგრამ ყოფილ ცოლს ცოცხალს ვეღარ ჩაუსწრო. მოსაგონებლად მხოლოდ ტელეფონით ოდრის მიერ ნათქვამი სიტყვები დარჩა:

— მე ისევ შენი გოგონა ვარ…

თავად ერთი სანუკვარი ოცნება მიჰყვა სიცოცხლის ბოლომდე: სამშობლოში დაბრუნება. მაგრამ 1985 წელს ისე გარდაიცვალა ნიცაში, რომ ეს ოცნება ვერ აისრულა…

ყველა ახალი ამბავი
0