თბილისი, 27 მარტი — Sputnik. თურქი ექსპორტიორები საქართველოსა და აზერბაიჯანს 2-6 მაისს ეწვევიან, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო "ტრენდზე" დაყრდნობით.
"შავი ზღვის აღმოსავლეთ რეგიონის თურქ ექსპერტთა ასოციაციის დელეგაცია საქართველოსა და აზერბაიჯანს 2-6 მაისს ეწვევა", — ციტირებს სააგენტო "ტრენდი" ასოციაციის ხელმძღვანელ ახმეთ ჰამდი გიურდოღანის განცხადებას, რომელიც ორგანიზაციის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
მისი თქმით, დელეგაციის ვიზიტი, რომლის მიზანიცაა ქვეყნებს შორის სავაჭრო კავშირების გაძლიერება, თურქეთის ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
"მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში თურქეთის სავაჭრო ურთიერთობები საქართველოსა და აზერბაიჯანთან შესამჩნევად გაძლიერდა, სასურველი დონე ჯერ კიდევ არ არის მიღწეული. 2016 წელს თურქეთის აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონის საერთო ექსპორტიდან 13% საქართველოზე მოდის, ხოლო აზერბაიჯანზე მხოლოდ 1,7%, რაც რეგიონის პოტენციალს სრულად ვერ ასახავს", — აცხადებს ჰამდი გიურდოღანი.
ასოციაციის ხელმძღვანელის ვარაუდით, შავი ზღვის აღმოსავლეთ რეგიონიდან ექსპორტი შესაძლებელია შეადგენდეს საქართველოსა და აზერბაიჯანში თურქეთის საერთო ექსპორტის ნახევარს.
ჰამდი გიურდოღანის თქმით, ექსპორტიორთა და მეწარმეთა დელეგაციის ვიზიტი აზერბაიჯანსა და საქართველოში ხელს შეუწყობს რეგიონის საექსპორტო შესაძლებლობების ზრდას.
თურქული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ორმხრივი ბიზნეს-შეხვედრები და ადგილობრივ ბაზრებსაც შეისწავლიან.
ვიზიტის ხარჯების 60%-ს თურქეთის ეკონომიკის სამინისტრო დაფარავს.