თბილისი, 26 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 27 მარტს კიევში სუამ–ის წევრი ქვეყნების მთავრობის მეთაურების სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.
სხდომის ფარგლებში დაგეგმილია დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონია და სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურების პრესკონფერენცია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურები ასევე მონაწილეობას მიიღებენ ბიზნეს–ფორუმში, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართება. ქართული მხრიდან ფორუმზე 20-მდე კომპანია იქნება წარმოდგენილი. მათ შორის ტრასპორტის, მსუბუქი მრეწველობის, სამშენებლო, სადისტრიბუციო და ფარმაცევტიკის სფეროს წარმომადგენლები.
ღონისძიების პირველი პანელის ფარგლებში მონაწილეები სუამ-ის თავისუფალი სავაჭრო ზონის პერსპექტივებს განიხილავენ, მეორე პანელზე კი საუბარი სუამ-ის სატრანსპორტო დერეფნის შესახებ იქნება.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ გროისმანი უმასპინძლებენ.
საქართველოს მთავრობის მეთაური უკრაინაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან – ვლადიმირ გროისმანთან და პაველ ფილიპთან.