თბილისი, 26 მარტი — Sputnik. თბილისის მერია უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას განაგრძობს, ნათქვამია თბილისის მერიის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
დღეს მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა ბარათაშვილის ქუჩასა და კოლმეურნეობის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე უნებართვო კონსტრუქციების დაშლა დაიწყეს.
აღნიშნულ ტერიტორიაზე მოვაჭრეები შესაბამისმა სამსახურმა რამდენიმე დღის წინ გააფრთხილა, რომ მათ უნებართვო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცემოდათ, შესაბამისად დღეს მოვაჭრეები ტერიტორიაზე არ გამოჩენილან.
დედაქალაქის მთავრობამ უკვე გამართა მოლაპარაკებები ბაზრობების ასოციაციის წარმომადგენლებთან, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ ასოციაცია, შეღავათიანი პირობებით, 6 თვის ვადით, გარემოვაჭრეებს სავაჭრო ადგილს დაუთმობს. ბაზრობების დირექცია მეწარმეებს საკუთარი პროდუქციის კონკურენტუნარიან პირობებში რეალიზაციისთვის ყველა პირობას შეუქმნის.
გარემოვაჭრეებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია რკინიგზის სადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტრო-სადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორიასა და ისნისა და სამგორის ბაზრობებზე შეეძლებათ.
დედაქალაქის მერია ანალოგიური სახის ღონისძიებებს მომავალშიც განახორციელებს და მოვაჭრეებს უნებართვო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცემათ.