თბილისი, 25 მარტი — Sputnik. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, გარემოვაჭრეებს ქალაქის ტერიტორიაზე უკანონო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცემათ. ამის შესახებ საგანგებო განცხადებას თბილისის მერია გარემოვაჭრეების პროტესტთან დაკავშირებით ავრცელებს, რაც მათთვის ვაჭრობის აკრძალვას მოჰყვა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მერია კანონის დაცვით მოქმედებს და დათმობაზე წასვლას არ აპირებს, რადგანაც უნებართვო გარევაჭრობა დაკავშირებულია სხვა სახის პრობლემებთანაც, მათ შორისაა: შეფერხება გადაადგილებისას, უსაფრთხოების ნორმების დაცვის ხელშეშლა, ანტისანიტარია, მალფუჭებადი პროდუქტის შენახვის პირობების დაუცველობა, გაურკვეველი წარმოების პროდუქციის გაყიდვა და ქალაქში არსებული ტურისტული ზონებისა და თბილისის იერსახის დამახინჯება.
„ბაზრობების ასოციაციასთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად, ასოციაცია გამოთქვამს მზადყოფნას, დაუყოვნებლივ, შეღავათიანი პირობებით 6 თვის ვადით სავაჭრო ადგილი დაუთმოს თითოეულ მათგანს. ბაზრობების დირექცია მეწარმეებს ყველა პირობას შეუქმნის საკუთარი პროდუქციის კონკურენტუნარიან პირობებში რეალიზაციისთვის", — ნათქვამია განცხადებაში.
რეალიზაციის ობიექტები მოიცავს შემდეგ ტერიტორიებს: რკინიგზის სადგური და მისი მიმდებარე ტერიტორია, „დინამო არენას" მიმდებარე ტერიტორია, მეტრო „დიდუბის" მიმდებარე ტერიტორია, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორია, ისნისა და სამგორის ბაზრობების ტერიტორიები.
აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1536-ე მუხლის შესაბამისად, თბილისის ტერიტორიაზე გარევაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე დაუშვებელია.
მერიის განცხადებით, გარემოვაჭრეები ამის თაობაზე არაერთხელ გააფრთხილეს, მაგრამ "მათი მხრიდან აღნიშნული ქმედება ამ დრომდე არ აღკვეთილა".
თბილისის მერია ხაზს უსვამს, რომ "ითვალისწინებს მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობას და მათ საქმიანობის გაგრძელებას სხვადასხვა სავაჭრო სივრცეში სთავაზობს".